პატრულ-ინსპექტორი 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე - ჩემი ვარაუდით, მუხლზე ჯებირის ნაწილი მომხვდა, გადამიყვანეს კლინიკაში, აღმენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაზიანება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ, კერძოდ სასამართლოს ჩვენებას აძლევს 2 მოწმე და გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებებს. ამ წუთებში მოწმის სახით იკითხება საზოგადოებრივი წესრიგისა და ტურისტული უსაფრთხოების პატრულ-ინსპექტორი, ნინო ჯიოშვილი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. მისი თქმით, 4 ოქტომბრის აქციის დღეს, ფეხზე მოხვდა საგანი, რის გამოც კლინიკაშიც გადაიყვანეს.

„ჩემი ვარაუდით, მარცხენა მუხლში ჯებირის ნაწილი მომხვდა. გადამიყვანეს კლინიკაში. აღმენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაზიანება", - განაცხადა ნინო ჯიოშვილმა.

პროცესს 13 ბრალდებულიდან არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული, ავთანდილ თოფჩიშვილი. როგორც მოსამართლემ განმარტა, ბრალდებულს არ სურს დღევანდელ პროცესში მონაწილეობა და მის ინტერესებს ადვოკატი წარმოადგენს.

საქმეს მოსამართლე თამარ მახარობლიძე იხილავს.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს