ლევან ჯანგველაძე მეუბნებოდა, ოთარ ფარცხალაძეს ჩემთან დაკავშირებით ძალიან აქვს შფოთვებიო, ის ამაზე ღიად საუბრობდა. ფარცხალაძის გარეშე ქალაქში არაფერი ხდებოდა. თბილისის ქუჩა ჩაბარებული ჰქონდა ფარცხალაძეს, საბაჟოც მისი იყო, პროკურატურაც, პოლიციაც, - ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მეგობარმა კონსტანტინე მორგოშიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან სასამართლოში ჩვენების მიცემისას დეტალურად ისაუბრა ჯანგველაძე-ფარცხალაძის ურთიერთობის შესახებ.
როგორც მორგოშიამ აღნიშნა, ყოფილ გენერალურ პროკურორსა და ლევან ჯანგველაძეს სიგარეტისა და გადაზიდვის ბიზნესთან დაკავშირებით ჰქონდათ უკმაყოფილება.
მორგოშიას ჩვენების მიხედვით, ლევან ჯანგველაძე საფრთხეს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის და მისი გარემოცვის გარდა, არავისგან გრძნობდა.
„ლევან ჯანგველაძეს 2003-2004 წლიდან ვიცნობ, ხშირი ურთიერთობა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მქონდა. მას მოსკოვში უძრავი ქონება ჰქონდა გაქირავებული და აქედან ჰქონდა შემოსავალი.
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ვიცნობ, ბევრჯერ ვარ შეხვედრილი და წლების მანძილზე მქონდა შეხების წერტილები.
როცა ოთარ ფარცხალაძესთან ურთიერთობა მქონდა, ეს პოლიტიკური ამბებით მოხდა, ხშირად მქონდა მასთან კვეთა. ერთ-ერთი საუბრის დროს, როცა მოსკოვში მივდიოდი, მითხრა, რომ რისკები იყო ჩემს ჩასვლასთან დაკავშირებით, მაშინ გაუსვა ხაზი ლევან ჯანგველაძეს. მის გარდა სხვებიც იყვნენ დასახელებული, მაგრამ მე მხოლოდ ლევანის ვიცნობ. რა პრობლემა გაქვს ამ კაცთან-მეთქი, ვკითხე. შენ არ იცი, რა სიტუაციააო, მითხრა. მერე ლევანის დავურეკე და ვუთხარი, ოთართან რა ურთიერთობა გაქვს, რა პრობლემა გაქვს მასთან-მეთქი, მაგრამ ვერც გაიხსენა, ვინ იყო ფარცხალაძე. ვუთხარი გენერალური პროკურორი იყო-მეთქი. არანაირი კვეთა არ მქონია, არც მტრობაო, მითხრა ლევანმა. ვუთხარი, რომ ფრთხილად ყოფილიყო მასთან. აქედან რაღაც პერიოდის შემდეგ, მითხრა, რომ ფარცხალაძე გაიცნო, ვუთხარი, რომ მაინც ფრთხილად ყოფილიყო. როცა მე და ოთარისაც ერთმანეთში კონფლიქტი მოგვივიდა და ურთიერთობა გაგვიფუჭდა, ისინი ერთმანეთს გარკვეულ საკითხების გამო მაინც ხვდებოდნენ. ოთარის ფაქტორებს ახსენებდა და კითხვების დასმა დამიწყო. მკვლელობამდე ალბათ, ორი კვირით ადრე, გოდერძიდან რომ ჩამივიდა, დამირეკა, სახლიდან ვერ გამოვალ, იქნებ გამოხვიდეო, ავუარე, მიშკა ბერძენიშვილიც [ბიძაშვილი] იყო. თვითონვე მითხრა, მეც მომდის ინფორმაციები, შემდეგ ჩამოსვლაზე დაცვაში 6-7 ადამიანი უნდა ავიყვანო, რომ მზად ვიყოო. ნათესავებიც ეუბნებოდნენ, ვისაც დაცვა ჰყავდა, მათი დაცვა გამოეყენებინა. მას ყოველთვის მიშკა ბერძენიშვილი დაყვებოდა. სამწუხაროდ, იმ დღეს არ იყო მასთან მაინც და მაინც.
საწყის ეტაპზე სერიოზულად არ უყურებდა, მერე ნელ-ნელა გამოიკვეთა საფრთხე...
ერთმანეთი [ფარცხალაძე ჯანგველაძემ] რუსეთში გაიცნეს.
სიგარეტების თემა, რაც მუსირებს მედიაში, ამაზე იყო ნაწყენი. ოთარს უთხოვია დახმარება, ჩემი ფინანსური ინტერესი არ არის, მეგობარს ვეხმარებიო და ლევანის უარმა გააბრაზა. ეს იყო 2023-2024 წელი.
იყო დიდი ნიუანსები, გადაზიდვებზეც საუბრობდნენ, არ ვიცი, სადამდე მივიდა ეს თემა. ვიცი, რომ ოთარის დაბადების დღეზე იყო ლევანი მისული და ლევანის დაბადების დღეზეც იყო ოთარი მოსული. ბოლოს უკვე დაპირისპირება იგრძნობოდა. ამას არც მალავდა, ჩემთანაც და ოჯახის წევრებთანაც აქვს ნათქვამი, რომ უკმაყოფილება ჰქონდა“, - განაცხადა მორგოშიამ.
მისივე ჩვენებით, ჯანგველაძეს რუსეთში ქართულ-რუსულ საკითხებში პოლიტიკური მიმართულებით ჩართვას სთავაზობდნენ.
„ლევანს სთავაზობდა რუსეთის ფედერაცია, რომ ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობაში ჩართულიყო და აქტიურობა ჰქონოდა პოლიტიკურად, ეს ლევანმა მითხრა. ვუთხარი, ჩემი შეფასებაა, რომ არასწორს აკეთებ, რადგან გთავაზობენ, უნდა ჩაერთო, შენი გავლენა სისტემის გარეთ რომ იყოს გასული, აქაურობა ვერ აიტანს და პრობლემები გექნება-მეთქი. მერე შეხვდნენ და უარი უთხრა. რატომ უთხარი უარი, რა უთხარი-მეთქი. ლევანმა მითხრა, პირველ ეტაპზე შეიძლება კარგი საქმეები დავიწყოთ, მაგრამ შუაში და ბოლოში ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, რომ ცუდი იყოს და მე ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ არ წავალო... მე ვუთხარი, შენ თუ არ გინდა ამ მიმართულებით დალაგდნენ, ამას ფარცხალაძეც გაიგებს, რომ შენ გთავაზობენ, ფარცხალაძეს უნდოდა ეგ მიმართულება, მაშინ უნდა გაყიდო აქტივები და უნდა წახვიდე ევროპაში, შენთვის საფრთხის შემცველი იქნება-მეთქი. ვისაც რუსეთთან შეხება ჰქონია და იცის რუსეთი, ქართული დიასპორის საკითხები, ლევანს ყოველთვის ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა. მე საფრთხეს ვხედავდი და ვაფრთხილებდი....
ლევანი მეუბნებოდა, ფარცხალაძეს ძალიან შფოთები აქვს ჩემთან დაკავშირებითო, ის ამაზე ღიად საუბრობდა...
ფარცხალაძის გარეშე ქალაქში არაფერი ხდებოდა, ლევანი კრიმინალური ავტორიტეტი არ იყო, მაგრამ დაახლოებული იყო ადამიანებთან, ვინმეს რამე პრობლემა რომ ეთქვა, შეეძლო მას მოეკითხა. ლევანის ფულის და ფინანსების პრობლემა არ ჰქონდა, ის იყო პრობლემა [ფარცხალაძისთვის], ის იყო ადამიანი, ვისაც შეეძლო ქალაქში რაღაცის მოკითხვა.
თბილისის ქუჩა ჩაბარებული ჰქონდა ფარცხალაძეს, საბაჟოც მისი იყო, პროკურატურაც, პოლიციაც.
ლევანის მტერი არავინ ჰყოლია.. დედ ჰასანის ოჯახისგან ლევანი საფრთხეს ვერ ხედავდა, მას არანაირი წვლილი იმ საქმეში არ მიუძღოდა, გარდა ჭორებისა“, - განაცხადა მორგოშიამ.
მისივე თქმით, ძმები მიქაძეები და ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მეგობრები არიან.
„ლევან ჯანგველაძე დათო მიქაძეს ერთადერთხელ არის შეხვედრილი, რაღაც საუბარი ჰქონდა თუ არ ვცდები, კაზინოს თემაზე, ცოტა დაძაბული საუბარი გვქონდაო, მითხრა. თუ არ ვცდები, ფარცხალაძის დაბადების დღეზე შეხვდა უმცროს მიქაძეს.
ფარცხალაძე და მიქაძეები მეგობრები იყვნენ, ეს მთელმა ქალაქმა იცოდა“, - განაცხადა მორგოშიამ.
მორგოშიას ჩვენების მიხედვით, ლევან ჯანგველაძეს საბერძნეთში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან პრობლემები არ ჰქონია.
"ჩვეულებრივი სპექტაკლია, თითქოს ლევანს საბერძნეთში ავტორიტეტებთან ჰქონდა დაპირისპირება. ოჯახსაც კი მიუსამძიმრეს ლევანის მკვლელობის შემდეგ საბერძნეთიდან. “მოკითხვა საბერძნეთიდან” - ეს გაიგეო [სროლის დროს], პოლიციელები ეკითხებოდნენ კახა ძანძავას, ამის შეთხზვას ცდილობდნენ. როცა ლევანი მოკლეს, აზრი მუსირებდა, ბერძნების ხელი ურევიაო. ბერძნები არიან კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობენ. ბერძნებს არანაირი დაპირისპირება ლევანთან არ ჰქონიათ", - განაცხადა მორგოშიამ.
დაცვის მხარის კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა მან მის ხელთ არსებული ინფორმაცია მაშინ, როცა ლევან ჯანგველაძე მოკლეს, მორგოშიამ უპასუხა, რომ მაშინდელი პროკურატურის იმედი არ ჰქონდა.
"როცა ლევანი მოკლეს, არ მქონდა იმედი გაბიტაშვილის პროკურატურაში რომ მივსულიყავი. ის პროკურორი და პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის ჯიბის "ზავიდენია" იყო", - განაცხადა მორგოშიამ.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.