ირაკლი კირცხალია - არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში „დიფ სთეითის“ წონიანი აგენტის, ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითია - არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს არც ერთი მტრის წინაშე დაჩოქებას!

დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბორის ჯონსონს „იმედის“, „პოსტვის“ და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში „დიფ სთეითის“ წონიანი აგენტის, ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სრულიად სამართლიანად იწოდება „ომის წამქეზებლად“.

„ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე აბსურდული და კატეგორიულად მიუღებელი თავდასხმის შემდეგ, რასაც ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტვისთვის“ სანქციების დაწესება მოჰყვა, არც ბრიტანეთის, არც საქართველოში მათი ელჩის მხრიდან საზოგადოებას დღემდე არ მოუსმენია ერთ რეალური არგუმენტიც კი, რაც ამ სამარცხვინო ნაბიჯს გაამართლებდა. მეტიც, ამ აბსურდის მტკიცებულებად საზოგადოებას არათუ არც ერთი არგუმენტი არ მოუსმენია, არამედ პირიქით, დღეს უკვე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა. თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმას არანაირი სიღრმისეული ანალიზი რომ არ უდევს საფუძვლად, ერთი შეხედვითაც აშკარაა. მით უმეტეს, ის სამარცხვინო ფორმულირების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, თითქოს ქართული ტელევიზიები უკრაინაში დესტაბილიზაციას ახდენდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბორის ჯონსონს ამ ტელეკომპანიების და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ ვსაუბრობთ პოლიტიკოსზე, რომელიც სრულიად სამართლიანად იწოდება „ომის წამქეზებლად“. უკრაინელი ოფიციალური პირების ოფიციალური განცხადებით, კერძოდ, ბატონი არახამიას განცხადებით, ბორის ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების მერე კიევს ეწვია და უკრაინელებს მოუწოდა, ხელი არაფერზე მოეწერა და უბრალოდ, ებრძოლათ. არადა ამ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, თავად ჯონსონის მტკიცებითვე, 2016-2022 წლამდე არასდროს არსებულა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა მრავალი სახელმწიფოს ვეტოს. რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს, შეგახსენებთ, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა, ჯონსონისვე ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარი საკითხი იყო. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში „დიფ სთეითის“ წონიანი აგენტის, ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითა. დღეს ქვეყანა, რომელიც უდიდესი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა, რომელსაც ფაქტობრივად, არ აქვს ეკონომიკური ზრდა და მიგრანტების პრობლემა და გაზრდილი კრიმინალი უდიდესი საფრთხეს უქმნის, საქართველოს მართალ სიტყვა უწუნებს...

როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სუვერენიტეტისთვის და მშვიდობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არც ერთი მტრის წინაშე დაჩოქებას,“ - განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს