ირაკლი კობახიძე - ჩვენ გარშემო საკმაოდ რთული ვითარების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება - ყველა მიმართულებით არსებობს თანამშრომლობის განვითარების შემდგომი პოტენციალი

ვხედავთ, რომ ჩვენ გარშემო არის საკმაოდ რთული ვითარება შექმნილი, მით უმეტეს ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება - მიუხედავად თანამშრომლობის მაღალი დონისა, ყველა მიმართულებით არსებობს ამ თანამშრომლობის განვითარების შემდგომი პოტენციალი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სომეხ კოლეგასთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელის შესაწყობად.

„დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც წარმოდგენილები იყვნენ შესაბამისი მთავრობების წარმომადგენლები, მინისტრები. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ გარშემო არის საკმაოდ რთული ვითარება შექმნილი, მით უმეტეს ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს, ჩვენს ქვეყნებს შორის. ამას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული სომხეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარულები ვართ, რომ გვაქვს თანამშრომლობის მაღალი დონე, თუმცა არსებობს მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. მინდა სომხეთს გადავუხადო მადლობა ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღეს კომისიის სხდომაზეც მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ჩვენ განვიხილეთ დღეს ორმხრივი დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობას, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, თანამშრომლობას განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ მიუხედავად თანამშრომლობის მაღალი დონისა, ყველა მიმართულებით არსებობს ამ თანამშრომლობის განვითარების შემდგომი პოტენციალი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობა. სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით, სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ტურიზმს და ვიზიტორებს, ამ კუთხით, სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს. ბუნებრივია, ძალიან ღირებულია ჩვენთვის თანამშრომლობის ეს ასპექტი. მოხარულები ვართ, რომ ტურიზმის კუთხით არის სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებში ესტუმრონ სომხეთს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ძალიან დადებითი დინამიკაა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მოხარულები ვართ, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ჩვენს მზაობას ხაზი, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს. ხაზი მინდა გავუსვა გამორჩეულ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა არის ნამდვილად სამაგალითო და შესაბამისად, ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნების წინაშე, ხალხების წინაშე, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობისა და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს