კოკა მორგოშია ლევან ჯანგველაძის მძღოლ გია ჩადუნელსა და  ბიზნესმენის მკვლელობისას თანმხლებ კახა ძანძავაზე - როცა მე და ლევანი რაღაცაზე ვსაუბრობდით და ჩადუნელი ან ძანძავა შემოდიოდნენ, ლევანი ჩუმდებოდა, მათ არ ენდობოდა

როცა მე და ლევან ჯანგველაძე რაღაცაზე ვსაუბრობდით, გია ჩადუნელი [მძღოლი], ან კახა ძანძავა [ჯანგველაძის თანმხლები პირი მკვლელობისას] რომ შემოდიოდნენ, ლევანი ჩუმდებოდა, მათ არ ენდობოდა, - ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მეგობარმა, კონსტანტინე მორგოშიამ სასამართლოში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ლევან ჯანგველაძე მეგობრებთან რას ჰყვებოდა ან ვის უყვებოდა გარკვეულ საკითხებს, მისთვის ცნობილი არაა, თუმცა, როგორც მორგოშიამ განმარტა, ჯანგველაძე მათ შორის არ ენდობოდა მის მძღოლს.

„გია ჩადუნელზე [მძღოლი], ასევე კახა ძანძავაზე [ჯანგველაძის თანმხლები პირი], მოსმენილი მქონდა, ლევანი არ ენდობოდა და ამ თემებს არ ჩაუშლიდა.

როცა რაღაცაზე ვსაუბრობდით, ჩადუნელი ან ძანძავა რომ შემოდიოდნენ, ლევანი ჩუმდებოდა. კახასთან დაკავშირებით კითხვები მქონდა და დღემდე მაქვს.

იმ თემებზე, რაც მეტ-ნაკლებად კონფიდენციალური ან ძალიან პირადი იყო, ამ ადამიანებთან ერთად არ საუბრობდა, როცა ეს ადამიანები შემოდიოდნენ, თემებს ან ცვლიდა ან აჩერებდა საუბარს”, - განაცხადა მორგოშიამ.

დაცვის მხარის კითხვაზე: ლევან ჯანგველაძე სიცოცხლეს ანდობდა მათ და კონფიდენციალურ ინფორმაციებს არა? მორგოშიამ ასე უპასუხა:

“გია ჩადუნელი მძღოლი იყო, იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, მაგრამ ყველამ იცის ლევანის გარემოცვიდან, რომ მას მიშკა ბერძენიშვილის [ბიძაშვილის] იმედი ჰქონდა. ლევან ჯანგველაძე კახა ძანძავასთან და გია ჩადუნელთან იმ თემებს არ შლიდა, რასაც ჩემთან და სხვებთან საუბრობდა”, - განაცხადა მორგოშიამ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს