სოფიო ხორგუანი - სახელმწიფო ფული ერთი პარტიის სახრავად აქციეთ, პოლიტიკური სიძუნწით შეპყრობილებს, არ გემეტებათ კეთილდღეობა მოქალაქეებისთვის - ქვეყანაში გაბატონებულია უსამართლობა, რომელიც სულს გვიხუთავს

სახელმწიფო ფული ერთი პარტიის სახრავად აქციეთ - პოლიტიკური სიძუნწით შეპყრობილებს, ჩვენს ბიუჯეტს ჩაბღაუჭებულებს, არ გემეტებათ კეთილდღეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში გაბატონებულია უსამართლობა, რომელიც „სულს გვიხუთავს და ცხოვრებას გვართმევს“.

როგორც ხორგუანმა აღნიშნა, ახალი პოლიტიკის დრო მაინც დადგება, სადაც სამართალი სამართლიანი იქნება, სადაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს გაუფრთხილდება და მოემსახურება.

„2024 წელს საქართველოდან წავიდა 121 425 ადამიანი, გარდაიცვალა 43 971, დაიბადა 39 483 ადამიანი - ეს უბრალოდ ციფრები არ არის, სულ უფრო მეტ მოქალაქეს აძევებთ სამშობლოდან, მათ, ვინც დოვლათს აქ უნდა ქმნიდეს. ქვეყანაში გაბატონებულია უსამართლობა, რომელიც სულს გვიხუთავს და ცხოვრებას გვართმევს.

თქვენ, რომლებმაც ერთი კანონიც ვერ შემოგვთავაზეთ, რომელიც საქართველოს მოქალაქის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა, თხზავთ კანონებს, რომელიც მხოლოდ აკრძალვით, შეზღუდვით, შევიწროებით, ჯარიმებითა და დასჯით გვემუქრება.

თქვენი თანამდებობის პირები კორუფციაში იხრჩობიან - ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დააკავეთ მექრთამეობისთვის და 500 000 გირაოს გადახდის მერე გაუშვით. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მექრთამეობისთვის იყო დაკავებული და ისიც ნახევარი მილიონის გირაოთი გაუშვით. თავდაცვის მინისტრი, საგზაო დეპარტამენტის უფროსი. თბილისის ბაღებში ბავშვების წილი მოპარული ფული. მექრთამე სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი ქვეყნის იმიჯის დამანგრეველი „ქოლცენტრებით“. პრემიერ-მინისტრი ოქროს ზოდებით. გაურკვეველ ვითარებაში დაჭრილი და გაუჩინარებული აჭარის პირველი პირი. აღარ გავაგრძელებ, სია ჩემზე უკეთ იცით.

არადა გუშინ ხომ ყველა ეს მხილებული პირი ცაში აგყავდათ ქებით, გმირებად აცხადებდით, მშვიდობის გარანტებად. ყველა ჩვენს კითხვაზე ეს ერთი პასუხი გქონდათ.

დღეს იგივე რომ არ ხდება, დღესაც რომ არ იპარავენ თანამდებობის პირები, ეს ვიცით?! როგორ უნდა ვენდოთ თქვენს სიტყვას?!

სახელმწიფო ფული ერთი პარტიის სახრავად აქციეთ. თქვენივე დანიშნული აუდიტორის დასკვნები წაიკითხეთ. ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ. პოლიტიკური სიძუნწით შეპყრობილებს, ჩვენს ბიუჯეტს ჩაბღაუჭებულებს არ გემეტებათ კეთილდღეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

თურმე პენსიის გაზრდა და მინიმალური ხელფასის გაზრდა დააქცევს სახელმწიფოს?! რომელ სახელმწიფოს? - სახელმწიფოს, სადაც ორი სოფელი მიწამ ჩაიტანა და არ გედარდებათ, სამაგიეროდ ქართულ მიწას ვის ჩუქნით, არც კი გვიმხელთ. სადაც ჭიათურელი მაღაროელი სამუშაოს და ხელფასს ითხოვდა და ციხეში გამოამწყვდიეთ. ერთი საწარმოც კი არ გახსნილა ამ ბოლო დროს. ერთი ინიციატივა, რომელიც გლეხს დაიცავდა. ერთი იდეა, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოში მომავლის იმედს მისცემდა. სამაგიეროდ, ახირებებს რეფორმები დაარქვით. საარსებო წყარო წაართვით მცირე მეწარმეებს, გრანტები „გადაუკეტეთ“ და სამსახურიდან გაყარეთ პატიოსანი საჯარო მოხელეები.

ემიგრანტების ფულით სულდგმულობს სამშენებლო და სავაჭრო ბიზნესი და ამ დროს ემიგრანტებს აუკრძალეთ საქართველოს მომავლის მშენებლობაში მონაწილეობა.

კრიმინალური გარჩევები ყოველდღიურობად იქცა და ამ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე ოპოზიციაში აგენტებს - „ანიტებს“ და სხვებს აფინანსებდა. დღეს იგივე არ ხდება? საიდან ვიცით, რომ არ ხდება?! როგორ დაგიჯეროთ გადამგდებებს?!

რეგიონებს უნდა მივხედოთო და ამ დროს თუ ვინმე თავისი რისკით და წვალებით და შრომით საქმეს აკეთებდა, ყველას ავიწროებთ. მაქვს კონკრეტული მაგალითები, არ გაინტერესებთ, თორემ მოგიყვებოდით.

თუ ვინმე კითხვას დასვამს, აგენტად აცხადებთ და გინდათ მხოლოდ თქვენ იყოთ და სულ იყოთ, მარადიულად იყოთ.

რომელ სახელმწიფოს იცავთ?! სადაც უსამართლობა ისე გამეფდა, რომ უიმედობა და სასოწარკვეთა ყველა ნაბიჯზე გვხვდება. სადაც ძალაუფლების მიმტაცებლები, ყველაფერზე ხელისმომწერები მდიდრდებით, მაგრამ პატიოსან მშრომელს არაფრის უფლება რჩება.

და ბოლოს, სიუჟეტი რომ მიუძღვენით ჩემს კოლეგას, ახალგაზრდა ქალს, რომელიც წლების წინ რიგითი საჯარო მოხელე იყო, სპეციალისტი. ანდაზას შეგახსენებთ, იმით, რაც პავლემ მითხრა პეტრეზე, პავლეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პეტრეზე. რა ძალისხმევასა და მონდომებას სხვათა გაშავებაზე ხარჯავთ, ამის მეოთხედი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ რომ მიგემართათ?! მაგრამ ეს არ შეგიძლიათ და არც გინდათ, ამიტომ იხარჯებით მახინჯ პროპაგანდაზე!

თქვენ, რომელთაც იმდროინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვერ დათმეთ. მარტო ერთი გივი მიქანაძე რად ღირს?! ინკვიზიტორად რომ მიაყენეთ განათლებულ ადამიანებს. ნათია თურნავა, რომელიც სამივე ხელისუფლებას მოერგო და ემსახურა. და რაც მთავარია - ყველა რეჟიმის მთავარი საყრდენი - მონა მოსამართლეები! თავს ნუ იტყუებთ, რომ ეს ხალხმა არ იცის. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის! და რაც არ უნდა დაგვწამოთ, რამდენი სიუჟეტიც აკეთოთ და ჭორები ავრცელოთ, მხოლოდ ეს გეხერხებათ, ჩვენ საქართველოს ხალხის სამსახურში ვიქნებით!

საქართველო დიდებული ქვეყანაა, ნიჭიერი, მშრომელი ადამიანებით, რომლებიც იმსახურებენ მოსმენას, გაგებას, ხარისხიან ცხოვრებას - ჩვენი სამშობლო დაიბრუნებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, ახალი პოლიტიკის დრო მაინც დადგება, სადაც სამართალი სამართლიანი იქნება, სადაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს გაუფრთხილდება და მოემსახურება. ქვეყანა, სადაც ეკონომიკის ზრდა ყველასთვის იქნება, სადაც დაბრუნდებიან და ცოდნას და გამოცდილებას ჩამოიტანენ, სადაც კეთილსინდისიერი პროფესიონალები დაფასდებიან და სამშობლოს მოუვლიან და სადაც ახალგაზრდაც და მოხუციც თანაბრად იამაყებს თავისი ქვეყნით! ამას პოლიტიკური ნება სჭირდება და ეს ნება ჩვენ ნამდვილად გვაქვს! დიახ, როცა ყველაზე მეტად ბნელა, მაშინ მოდის განთიადი. ასეა სამყარო მოწყობილი!,“ -განაცხადა ხორგუანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს