4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული - ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დროშას წაიღებდა აქციაზე, მერე პოლიციას ჩაარტყამდა და შემდეგ გადააგდებდა -  იმას მაინც ვიმსახურებ, ისეთი მტკიცებულება იყოს წარმოდგენილი, ვთქვა, რომ ის ადამიანი მე ვიყავი

ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დროშას წაიღებდა აქციაზე, მერე პოლიციას ჩაარტყამდა და შემდეგ გადააგდებდა. ეს გამორიცხულია. ჩემი მიზანი იმ აქციაზე არც პოლიციელების და არც სხვისი ცემა არ იყო,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, იური ლომიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

დღევანდელ პროცესზე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთაგან ნაწილის, 13 პირის საქმე განიხილება, სადაც პროკურატურამ ვიდეომტკიცებულებები წარმოადგინა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, კადრებში ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედება ჩანს, მათ შორის ჩანს ის, თუ როგორ იქნევს დროშის ტარს იური ლომიძე და ურტყამს პოლიციელს. ბრალდებას უარყოფს იური ლომიძე, რომელმაც პროცესზე განაცხადა, რომ ვიდეოკადრში წარმოდგენილი პირი თვითონ არ არის, ხოლო აქციაზე ყოფნისას მისი მიზანი არ ყოფილა არც პოლიციის და არც სხვა ვინმეს ცემა. ბრალდებულის თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი კადრები მისთვის შეურაცხმყოფელია.

„მე თავიდანვე ვახსენე, რომ ჩემთვის სასამართლო მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა და არ მინდა, თუნდაც თავის დაცვის მიზნით, რამე ტყუილი ვიკადრო.

ბატონი პროკურორის მიერ წარმოდგენილი კადრები, რაც არის - მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, როგორც ადამიანს, რომელსაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მიმსახურია საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურაში, საკმარისი შეურაცხყოფა მომაყენა თუნდაც იმ ბრუტალური დაკავებით და ვფიქრობ, რომ მეყო ეს შეურაცხყოფაც, რაც ჩაატარა საგამოძიებო სისტემამ. ამ კადრის გამოტანა შეურაცხმყოფელია ჩემთვის. მინიმუმ იმას მაინც ვიმსახურებ, რომ პროკურატურამ დადოს ისეთი დასკვნა, ამით შინაგანი განცდა მაინც გამიჩნდეს და ვთქვა, რომ ეს მე ვარ.

მეც კი ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ის ადამიანი ვიყო. მე ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც დროშას წაიღებდა აქციაზე, მერე პოლიციას ჩაარტყამდა და შემდეგ გადააგდებდა. ეს გამორიცხულია. ნივთი, რომელიც აქციაზე მიმქონდა, მერე სულ თან მქონდა....

ჩემი მიზანი იმ აქციაზე არც პოლიციელების და არც სხვისი ცემა არ იყო. ამიტომ, გიმეორებ, მინიმუმ იმას მაინც ვიმსახურებ, რომ ისეთი მტკიცებულება მაინც იყოს სასამართლოში წარმოდგენილი რომ ვთქვა, ის ადამიანი მე ვიყავი“, - განაცხადა იური ლომიძემ.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს