ტატა ხვედელიანი - აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ ნაბიჯების გადადგმა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დელეგაცია მაღალი რანგის თანამდებობის პირებით იქნებოდა დაკომპლექტებული

აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვისკენ ნაბიჯების გადადგმა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დელეგაცია მაღალი რანგის თანამდებობის პირებით იქნებოდა დაკომპლექტებული - არავითარ მნიშვნელოვან შეხვედრებზე არ შეგვიძლია ვისაუბროთ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, აშშ-სთან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები უნდა იმართებოდეს, თუმცა „ქართული ოცნების“ გამო, ძალიან დიდი პერსპექტივა დავკარგეთ.

„არავითარ მნიშვნელოვან შეხვედრებზე არ შეგვიძლია ვისაუბროთ. გადატვირთვის პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებთ. მაგ შეხვედრებიდან რაიმე შედეგის წამოღება, გადატვირთვისკენ გადადგმული ნაბიჯები რომ ყოფილიყო, მე მჯერა, რომ ეს დელეგაცია უფრო მეტად მაღალი რანგის თანამდებობის პირებით იქნებოდა დაკომპლექტებული.

რა თქმა უნდა, კარგია რომ ეს შეხვედრები არის. ჩვენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი კი არა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრები უნდა იყოს. მაგალითად, ისეთი შეხვედრები როგორიცაა სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც პირველი პირების დონეზე მიმდინარეობს მათ ქვეყნებზე საუბარი, მაშინ როცა ეს ჩვენი გვერდის ავლით ხდება. 5-6 წლის წინ, მაგალითად, გახარიას დროს, აშშ-ის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები ჩამოდიოდნენ საქართველოში და საუბრობდნენ საქართველოში მშვიდობაზე და საქართველოს სარგებელზე ამ პროცესში. ახლა გამოკიდება გვინდა სენატორებთან შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრები კარგია, თუმცა ძალიან დიდი პერსპექტივა გვქონდა, რომელიც დავკარგეთ. დავკარგეთ იმიტომ რომ „ოცნება“ გვყავს მთავრობაში“, - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს