პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, აქამდე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული იურიდიული დახმარების სამსახური, პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული სამსახური ხდება.
იურიდიული დახმარების სამსახურზე “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მოქმედება გავრცელდება. სამსახურის დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
გარდა ამისა, უქმდება იურიდიული დახმარების საბჭო. საბჭო 9 წევრისგან შემდგარი კოლეგიური ორგანო იყო, რომლის ფუნქციას სამსახურის მართვის, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, 2026 წლის 1-ელი მაისიდან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდება. ის 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის 1-ელ მაისამდე, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა უზრუნველყოს.
იურიდიული დახმარების საბჭოს და იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებსაც უფლებამოსილება 2026 წლის 1 მაისიდან შეუწყდეთ.