ლევან ვეფხვაძე - კონსტანტინე მორგოშიამ დაადასტურა, რომ ერთადერთი, ვისგანაც ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა, ოთარ ფარცხალაძე იყო

კონსტანტინე მორგოშიამ დაადასტურა, რომ ერთადერთი, ვისგანაც ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა, ოთარ ფარცხალაძე იყო, - ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი აქვს წარდგენილი.

როგორც ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მოწმე კონსტანტინე მორგოშიამ ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ დავით მიქაძესთან ლევან ჯანგველაძეს გარკვეული სახის დაპირისპირება ჰქონდა.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა კონსტანტინე მორგოშია, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია. ძირითადი ინფორმაცია ეყრდნობა ლევან ჯანგველაძისგან გადმოცემულ ინფორმაციას და ასევე, თავად რისი შემსწრეც არის. კონსტანტინე მორგოშიამ დაადასტურა, რომ ერთადერთი, ვისგანაც ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა, ოთარ ფარცხალაძე იყო. შესაბამისად, მასთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოება ჰქონდა. ასევე, მოწმემ დაადასტურა, რომ ამაზე საუბარი ჰქონდა 2025 წლის თებერვალში, როდესაც გოდერძის კურორტიდან თბილისში ჩამოვიდა. ამის შემდეგ ლევან ჯანგველაძემ 23 თებერვალს უკვე საქართველოს ტერიტორია დატოვა და 14 მარტს ჩამოვიდა, როცა ის მოკლეს. ასევე, მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მხოლოდ ოთარ ფარცხალაძისგან არ გრძნობდა საფრთხეს, არამედ მისი გარემოცვისგან. მის გარემოცვაში მოიაზრებოდა მიქაძეები. მან ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ დავით მიქაძესთან გარკვეული სახის დაპირისპირება ჰქონდა ლევან ჯანგველაძეს. წლებიც დაასახელა“, - განაცხადა ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ გიორგი მიქაძემ ლევან ჯანგველაძეს დაურეკა და ძმასთან დაპირისპირება „მის ასაკს დააბრალა“.

„მოწმემ ზოგადად ისაუბრა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ ლევან ჯანგველაძეს სხვა მტერი არ ჰყავდა და ამის შესახებ მსგავსი ინფორმაცია არასდროს გაუგია, გარდა ოთარ ფარცხალაძისა, რომელიც დაპირისპირებაში იყო ლევან ჯანგველაძესთან“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

პროკურორის განმარტებით, კონსტანტინე მორგოშიას ჩვენებას “ავსებს” საქმეში წარმოდგენილი სხვა მოწმეთა ჩვენებებიც, რომელთაც გამოიკვლევენ.

„მკვლელობა ეხება შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას, როდესაც ყველა მტკიცებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის უკვე გამოკვლეულ მტკიცებულებას და გამოსაკვლევს. ბრალდების მხარე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ამ საქმეში ყველა მტკიცებულებას აქვს ერთმანეთთან კავშირი და იმ ძირითად ასპექტებთანაც, რაც ბრალდების მხარეს ჩამოყალიბებული აქვს. ამიტომ, ჩვენ ყველა ამ მტკიცებულებას შევაფასებთ“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისი თქმით, კონსტანტინე მორგოშიამ ასევე ისაუბრა ე.წ. კანონიერი ქურდის „დედ ჰასანის“ შვილიშვილზეც. პროკურორის განმარტებით, მოწმემ განმარტა, რომ “დედ ჰასანის” შვილიშვილი არის მიქაძის ნათელმირონი და ასევე აღნიშნა, რომ “დედ ჰასანის” შვილიშვილი იყო ადამიანი, რომელიც დაეხმარა ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს რუსეთში დაცვის აყვანაში. „კონსტანტინე მორგოშიამ გამოკვეთა ძირითადი ასპექტები, ეს იყო რუსეთის გავლენების თემა, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძეს დაპირისპირება ჰქონდა ლევან ჯანგველაძესთან. ასევე დაასახელა ორი ბიზნესი - გადაზიდვების და სიგარეტების, თუმცა, მან როგორც განმარტა, ლევან ჯანგველაძისგან იცის, რომ ეს მისი პირადი ბიზნესი არ ყოფილა…

საქმეში წარმოდგენილია, რომ ამასთან დაკავშირებით ლევან ჯანგველაძე 2-ჯერ შეხვდა ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დროს უსიამოვნოდ გამოვიდა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ამავე საქმის ფარგლებში ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოთარ რომანოვ- ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს