ტრაილერის მძღოლი, ფრიდონ მაღლაკელიძე, რომელსაც საქართველოში 298 კილოგრამი "ჰეროინის" შემოტანას ედავებოდნენ, სასამართლომ სრულად გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა

ტრაილერის მძღოლი, ფრიდონ მაღლაკელიძე, რომელსაც საქართველოში 298 კგ "ჰეროინის" შემოტანას ედავებოდნენ, სასამართლომ სრულად გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მიიღო.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ფრიდონ მაღლაკელიძის დაკავება და ბრალდების წაყენება ისეთი მუხლით, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იყო სრულიად გაუმართლებელი.

მისივე თქმით, ხდებოდა „ჯოხის გადატეხა“ ერთ უდანაშაულო ადამიანზე მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობაში არ იყვნენ მიცემული პირები, რომლებიც ინფორმირებულნი იყვნენ, რომ ნარკოტიკი უნდა შემოეტანათ და დაგეგმეს დანაშაული.

„ტვირთი გადაიტანა ერთი ადგილიდან მეორეზე. ტრაილერი დატვირთეს სომხეთში, ძვირადღირებული აგურით, რომელიც იყო დალუქული. ფრიდონ მაღლაკელიძეს ვალდებულება კი არა, იმის უფლებაც არ ჰქონდა, რომ ლუქი მოეხსნა, აგურები გაეტეხა და გაერკვია შიგნით ნარკოტიკი იყო თუ არა მისი მოვალეობა იყო მხოლოდ ის, რომ ზუსტად იმ მდგომარეობაში გადმოეტანა საქართველოში, რა მდგომარეობაშიც იყო დატვირთვის დროს. ფრიდონ მაღლაკელიძის დაკავება და ბრალდების წაყენება ისეთი მუხლით, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იყო სრულიად გაუმართლებელი და ჯოხის ერთ უდანაშაულო ადამიანზე გადატეხა მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობაში არ იყვნენ მიცემული ის პირები, ვინც სინამდვილეში დატვირთა, ინფორმირებული იყვნენ, რომ ნარკოტიკი უნდა შემოეტანათ, ვინც დაგეგმა აღნიშნული დანაშაული, ეს იყო სრულიად გაუმართლებელი. შესაბამისად, ჩვენ დავასაბუთეთ ძალიან ნათლად და ზუსტად დაცვის მხარის პოზიცია. სასამართლომ ჩვენი ყველა არგუმენტი თავიდან ბოლომდე სრულად გაიზიარა და მიიღო გამამართლებელი გადაწყვეტილება. მან ცნო ფრიდონ მაღლაკელიძე უდანაშაულოდ და გაათავისუფლა სხდომის დარბაზიდან“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ფრიდონ მაღლაკელიძეს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით ჰქონდა წაყენებული. მას 8-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს