მაკა ბოჭორიშვილი ჩარტერულ რეისებზე - ხელისუფლება და საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან და ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას, რომ რაიმე ნიშნით ხდება შერჩევა

საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან და ამ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება საქართველოს მოქალაქეების შერჩევა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებაზე იმ ქვეყნებიდან, სადაც ფრენები შეჩერებული ან შეფერხებულია.

„საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მიმართოს საქართველოს საელჩოებს და დააფიქსიროს სურვილი, თუ მას სურს სამშობლოში დაბრუნება. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ - იმ ქვეყნებში, სადაც დღეს საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, საუბარი არის ამ შემთხვევაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ასევე კატარის სახელმწიფოზე, სადაც საჰაერო სივრცე დაკეტილია და ვერ ხორციელდება ფრენები, ორივე სახელმწიფო დიდი მზრუნველობით ექცევა იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც დარჩნენ ამ სახელმწიფოებში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ იყვნენ მშვიდად და ერთგვარად ფარავენ კიდეც ხარჯებს მათი იქ ყოფნის. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ სახელმწიფოების მხრიდან და ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. თუმცა, არიან მოქალაქეები, რომელთაც სურთ, რომ დროულად დაბრუნდნენ სამშობლოში და ამის შესაძლებლობა დღეს არ არსებობს, არცერთი ავიაკომპანიის მიერ არ ყოფილა შეთავაზებული რაიმე, ასე ვთქვათ, კომერციული რეისები, ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად უფასოდ შეეთავაზებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებლობა, რომ ისინი დაბრუნდნენ საქართველოში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება და საელჩოები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხო და დროულ დაბრუნებას.

„დღეს დილით უკვე განხორციელდა ერთი რეისი ომანიდან. მასკატიდან საქართველოში დაბრუნდნენ საქართველოს მოქალაქეები. დღეს, ასევე იგეგმება შემდეგი სპეციალური რეისი, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე განხორციელდება საუდის არაბეთიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ახლო ლოკაციებიდან მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა იმისათვის, რომ მათ დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნათ აეროპორტებში მისვლამდე და დამატებითი პრობლემები არ იყოს მათი გადაადგილების დროს. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან და ამ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება საქართველოს მოქალაქეების შერჩევა. ეს არის მტკნარი სიცრუე, ამას დაადასტურებს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, ვინც მოხვდა სატელეფონო ზარზე თუ ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციაში საქართველოს საელჩოებთან", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს