ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავსვით შეკითხვა ბოიკოტის მომხრე პოლიტიკურ სუბიექტებში, პარტიებში, თუ რა გეგმა ჰქონდათ მათ, როგორ აპირებდნენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას და ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ ამაზე პასუხი, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, ოპოზიციის სხვადასხვა სახით შექმნილი გაერთიანებები ბოიკოტისა და 4 ოქტომბრის ირგვლივ ტრიალებს, რომელიც მანამდე „ქართული ოცნების“ რიგებში დაიგეგმა.
„ჩვენ აქამდეც გვიკვირდა, როგორ არ ხდებოდა ამ პარტიებისა და სუბიექტების გაერთიანება, რადგან მათ საფუძველი მაინც ერთი აქვთ - „ნაცური“ წარმომავლობა, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მდგენელი არის ის, რომ ამ ერთობაში დაფიქსირებული ყველა პარტიისთვის მისაღები არის ბოიკოტი და ეს იდეოლოგია. მათთვის მისაღები იყო 4 ოქტომბერი და ყველაფერი ის, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, შესაბამისად, ამ იდეოლოგიის ირგვლივ არის ეს გაერთიანება. ბოიკოტი ჩვენთვის იყო შეცდომა, ეს იყო საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“, რომელიც ამ პარტიებმა აჩუქეს. ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავსვით ეს შეკითხვა ბოიკოტის მომხრე პოლიტიკურ სუბიექტებში, პარტიებში, თუ რა გეგმა ჰქონდათ მათ, როგორ აპირებდნენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას და ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ ამაზე პასუხი. ეს ერთობები არის ბოიკოტის ირგვლივ, 4 ოქტომბრის ირგვლივ და ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ რიგებში დაგეგმილი პროვოკაცია, რომლებსაც ეს პოლიტიკური პარტიები აჰყვნენ.
ჩვენი მთავარი კითხვა არის, ბოიკოტის მომხრე პოლიტიკური სუბიექტები და პარტიები რა გეგმით ცდილობენ და აპირებენ, დაამარცხონ რეჟიმი, როგორ უწევენ ოპონირებას და რა გზით აპირებენ, მიზანს მიაღწიონ.
(ბოიკოტის მომხრე პარტიებმა) ქუჩის პროტესტს 4 ოქტომბრით დიდი დარტყმა მიაყენეს იმიტომ, რომ რეალურად, ლეგიტიმაცია, რომელიც აკლდა „ქართულ ოცნებას“, სწორედ 4 ოქტომბრის შედეგად აღიდგინა. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელშიც ძალიან ბევრი შეკითხვა იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ ძალადობრივ აქტებს ძალიან ადეკვატურად აფასებდა და ხედავდა, რასაც აკეთებდა, 4 ოქტომბრის შემდეგ ისევ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად დაბრუნდა იმიტომ, რომ ამ პროცესის მარგინალიზება მოხდა. 4 ოქტომბრის მშვიდობიანი აქციების სახის ცვლილება მოხდა. ამაზე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები არიან პასუხისმგებელი“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.