გამოძიების დაწყებაც იყო სწორი - მათი მხრიდან შეცვლილი პოზიცია და შემდეგ გაკეთებული კომენტარი რაზე მიუთითებს, დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებიც ტყუილზეა დაფუძნებული, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებას, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, რომელიც სიცრუეზე, ტყუილზეა დაფუძნებული, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მავნებლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მყისიერი რეაგირება აღნიშნულზე. ჩვენ როგორც ვიცით, დაკითხვაზე იყვნენ ეს ადამიანები დაბარებულნი. არსებობდა კონკრეტული კითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ყველა ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რომელიც უყურებს და ისმენს ტელევიზიით ამ შინაარსის და ამ ტიპის განცხადებებს, გაუჩნდება კითხვა: რა დგას ამის უკან? როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, გამოძიების დაწყებაც იყო სწორი, დროული, სწრაფი რეაგირება მოჰყვა ამ ყველაფერს. მათი მხრიდან შეცვლილი პოზიცია და შემდეგ გაკეთებული კომენტარი რაზე მიუთითებს, დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გივი თარგამაძე, გუბაზ სანიკიძე, ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი, გიორგი კანდელაკი დაიბარეს.
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება უკვე მისცა გუბაზ სანიკიძემ, თინა ხიდაშელმა და გიორგი კანდელაკმა. გუშინ, სუს-ში გამოკითხვაზე ასევე, იმყოფებოდა გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე.
გამოკითხვაზე დაბარებულებთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ჰქონდათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.
ზემოაღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იყვნენ გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს, თავდაპირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ტელეფონი გათიშული ჰქონდა და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“.
მოგვიანებით, უწყებამ დაადასტურა, რომ თარგამაძე საქართველოში არ იმყოფებოდა.