ვალერი ჩეჩელაშვილი - აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კალაპოტში მოვექცეთ - რაც მთავარია, უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ მრავალმხრივი დიპლომატიის ბერკეტები

აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კალაპოტში მოვექცეთ - ახლა არის ძალიან კარგი ფაზა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთის პლატფორმა გავააქტიუროთ, რაც სამხრეთ კავკასიის სუბიექტურობასა და ჩვენს შესაძლებლობებს გაზრდის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ ექსპერტმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

ჩეჩელაშვილის შეფასებით, აშშ-მ ირანში საომარი მოქმედებების დაწყებით დიდ ხიფათს გადაგვარჩინა.

„ირანის ხელისუფლების ლოგიკის ჩაწვდომა ძალიან რთულია. მისი სახელმწიფოებრიობა და ინტერესები აბსოლუტურად სხვა პრინციპებზეა აგებული - მაგალითად, ისლამური შიიტური რევოლუციის ექსპორტი საზღვარგარეთ. მის ხელში ბირთვული იარაღი ძალიან დიდი საშიშროება იქნებოდა. ამიტომ ამერიკელებმა ჩვენ და მთლიან რეგიონს ძალიან დიდი საქმე გაგვიკეთეს, როდესაც ეს საფრთხე მოხსნეს. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, რეგიონის რამდენიმე ქვეყანა, იგივე საუდის არაბეთი და თურქეთი ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები აუცილებლად გახდებოდა, რაც ამ ხიფათს ერთი ორად გაზრდიდა.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კალაპოტში მოვექცეთ. რაც მთავარია, უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ მრავალმხრივი დიპლომატიის ბერკეტები. სამმხრივი პლატფორმა, რომელიც არსებობს - თურქეთი, საქართველო აზერბაიჯანი, ეს უნდა ავამოქმედოთ და ზურგი ამით გავიძლიეროთ.

ვფიქრობ, ახლა არის ძალიან კარგი ფაზა, რომ გავააქტიუროთ საქართველო აზერბაიჯანი სომხეთის პლატფორმა, რაც ერთის მხრივ, სამხრეთ კავკასიის სუბიექტურობას და ჩვენს შესაძლებლობებს გაზრდის. ეს იქნება მეტი გარანტიები საქართველოსთვის“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მართვის ვერტიკალი ჩამოშლილია და შექმნილია ხელისუფლების ვაკუუმი.

მისივე შეფასებით, ამის გამო გადაწყვეტილებები ძალიან დეცენტრალიზებულად მიიღება.

„ისეთი გადაწყვეტილებები მიიღება, რაც ირანის ინტერესებში არ შედის. მაგალითად, რაკეტებით - თურქეთზე და დრონებით აზერბაიჯანზე შეტევა.

ირანში ცხოვრების დონის მკვეთრად დაცემა, გასულ წელს მასობრივი პროტესტი გამოიწვია, რასაც შემდგომ პოლიტიკური მოთხოვნებიც მოჰყვა. იმ პერიოდთან შედარებით, ირანი დღეს სრულ ჯოჯოხეთშია. თეირანის წყალმომარაგების სისტემა მშვიდობიანობის პერიოდის დროს იყო მოშლილი და ახლა წარმოსადგენია, თუ რა მდგომარეობაში ირანი.

ომი მეორე ფაზაში შედის. აშშ-ს და ისრაელის მიერ ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების გამშვები ობიექტები განადგურებულია. ახლა გადადიან გუშაგთა კორპუსის და პოლიციის დაჯგუფებების განადგურებაზე. იმ შეზღუდული რესურსების პირობების, რომელიც ახლა ირანს გააჩნია, ხოლო გარედან არანაირი დამხმარე ძალა არ ჩანს, ომის სურათი დაახლოებით 10 დღეში გამოიკვეთა.

რაც უფრო მალე დაიწყებს ირანის ხელისუფლება იმაზე ზრუნვას, რომ ჩიხიდან გამოვიდეს და თუ ძალაუფლების ტრანსფორმირებული სახით შენარჩუნება უნდათ, ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის, რასაც ხამენეის ვაჟის უმაღლეს ლიდერად არჩევა ხელს არ უწყობს“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა