„ოპოზიციის ალიანსი“ აფრთხობს [ირაკლი კობახიძეს] - გზავნილი გაუშვეს, რომ ალიანსს თუ კიდევ ვინმე გაეკარება, მათაც დაემუქრებათ აკრძალვის საფრთხე,- ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ოპოზიციის ალიანსზე“, სადაც ის აღნიშნავს, რომ „მოუწევთ იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს, ვინაიდან „დასჭირდებათ“ პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიციის ძალების გაერთიანება აშინებს.
„მანდ რთული ახსნა არ არსებობს, ერთი მარტივი ახსნა არის: ზოგადად, ძალების გაერთიანება აშინებთ. ამ შემთხვევაში ალიანსი აფრთხობს მას. გზავნილი გაუშვეს რომ ალიანსს თუ კიდევ ვინმე გაეკარება, მათაც დაემუქრებათ აკრძალვის საფრთხე, რომ აღარავინ გაეკაროს და გამსხვილება არ მოხდეს იმ ძალების, რომელიც რეჟიმთან არიან დაპირისპირებულები“,- აღნიშნავს ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომ „მოუწევთ იმ სარჩელის კორექტირება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს, ვინაიდან „დასჭირდებათ“ პარტიების დასახელებების შეცვლა ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე.
კითხვაზე, შესაძლოა, მათ შორის დაემატოს [პარტიები], პრემიერი აღნიშნავს, „კი, შესაძლოა, დაემატოს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შესაძლოა საკონსტიტუციო სარჩელში შეივსოს სია“.