გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის სამხედროებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი იღებდეს.
„ბრიტანეთის ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უნდა მიიღოს. სწორედ ასე ვუდგები ყველა საკითხს და ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მივიღო. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ფუნდამენტური პრინციპია - რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებებს ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპების გამოყენებით, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ნათლად განვსაზღვროთ ეს პრინციპი“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
მან აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.
„აშშ და გაერთიანებული სამეფო ყოველდღიურად მუშაობენ ერთად, როგორც ყოველთვის, და ცხადია, ირანთან დაკავშირებით, ახლა აშშ იყენებს გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ბაზებს ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში. რეგიონში ყოველდღიურად ხდება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. ჩვენი სამხედრო პერსონალი და აშშ-ის სამხედრო პერსონალი ერთსა და იმავე ადგილებში, ერთსა და იმავე ბაზებზეა განლაგებული და აშშ და გაერთიანებული სამეფო ერთად მუშაობენ ამ ბაზების დასაცავად“, - აღნიშნა სტარმერმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კირ სტარმერი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული მისი პოზიციის გამო. ტრამპმა კვირას სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფო ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდების გაგზავნას განიხილავს, თუმცა აშშ-ს ისინი არ სჭირდება. „პრემიერ-მინისტრო სტარმერ, ჩვენ ისინი აღარ გვჭირდება - მაგრამ ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში მაშინ ერთვებიან, როდესაც უკვე გამარჯვებული ვართ!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.