ჩვენ გვქონდა დიალოგი, როგორ შეიძლება განიმუხტოს სიტუაცია და როგორ შეიძლება გაგრძელდეს საქართველოში მოვლენების განვითარება , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიგი წერეთლის თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ სურს, გააგრძელოს ეუთოსთან თანამშრომლობა, კონკრეტული წესები და ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
„ამ დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ხდება. ამგვარი სერიოზული სიმძიმე დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში არასდროს ყოფილა და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება, როდესაც დასრულდება ეს ყველაფერი, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ რეაქცია და მათი დამოკიდებულება იმიტომ, რომ თუ მათ სურთ, გააგრძელონ საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა და ეუთოსთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არსებობს კონკრეტული წესები, არსებობს ვალდებულებები და ეს უნდა შესრულდეს, დღეს დღეობით კი ამ ვალდებულებებიდან არაფერი არ სრულდება, ამიტომ, ამ ადამიანებს ზედმეტი ინფორმირება არ სჭირდებათ, ძალიან კარგად არიან ყველაფრით ინფორმირებულნი.
ჩვენ გვქონდა დიალოგი, როგორ შეიძლება განიმუხტოს სიტუაცია და როგორ შეიძლება გაგრძელდეს საქართველოში მოვლენების განვითარება უფრო პოზიტიურად და აქ არის კონკრეტული პირობები, რომლებიც, პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს ნებისმიერ ქვეყანაში, მითუმეტეს, საქართველოში. ეს არის სწორედ ის რეპრესიები, რომლებიც უნდა დასრულდეს, არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ამის შემდეგ უკვე უნდა დაიწყოს დიალოგი, როგორი უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.