გრიგოლ გეგელია - ეუთო-ს დელეგაციასთან მიმოვიხილეთ რეპრესიული კანონმდებლობა, რაც სპობს ქვეყანაში თავისუფლების ნასახს და აცემენტებს დიქტატურას - საერთო აზრზე ვართ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება

„ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო.

მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული მთავარი პოლიტიკური საკითხები.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ არსებული ვითარება დღევანდელი ფორმით არ უნდა გაგრძელდეს.

მისი შეფასებით, აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, რათა ქვეყანა გამოვიდეს მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან.

“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას დელეგაციასთან. მათ ჰქონდათ შეკითხვები ყველა ძირითად საკითხებთან დაკავშირებით, რაც ახლა არის რელევანტური. მიმოვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რა თქმა უნდა, რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ბოლომდე სპობს ქვეყანაში თავისუფლების ნასახს და აცემენტებს დიქტატურას. მიმოვიხილეთ ადამიანის უფლებების მდგომარეობა, მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც თითოეული ქართველის ინტერესებს უქმნის საფრთხეს და ასევე, ვისაუბრეთ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ რისკებზე.

ჩვენ ვართ საერთო აზრზე, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ასე გაგრძელება ნიშნავს საქართველოს ინტერესების გაცამტვერებას, ქართველი ხალხის ინტერესების დაზიანებას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ჩიხიდან გამოვიდეთ”, - განაცხადა გეგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა