გიგა ფარულავა - კონსტრუქციულ დიალოგსა და რეალობას თუ ვინმე ხელს უშლის, ეს არის „ქართული ოცნება“ - ის ყოველთვის ცდილობს, თავისიანებად და სხვისიანებად, მტრებად და მოყვრებად დაყოს ჩვენი მოქალაქეები

მათი მთავარი ხედვა იყო კონსტრუქციული დიალოგის არსებობა, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ფარულავას თქმით, „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ კონსტრუქციულ დიალოგს უშლის ხელს, არამედ საზოგადოების წევრებს ერთმანეთთან აპირისპირებს.

მისივე შეფასებით, არანაკლებ „მავნებლური პოლიტიკით“ გამოირჩევა ოპოზიციის ნაწილიც, რომელიც ასევე არ არის კონსტრუქციული დიალოგის მომხრე.

„მათი [დელეგაციის] მთავარი ხედვა იყო კონსტრუქციული დიალოგის არსებობა, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კონსტრუქციულ დიალოგსა და კონსტრუქციულ რეალობას თუ ვინმე ხელს უშლის, ეს არის პირდაპირ „ქართული ოცნება“, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ცდილობდეს საზოგადოების კონსოლიდაციას, პირდაპირ ხელს უწყობს და პირდაპირ მოქმედებს, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გახლიჩოს და დააპირისპიროს ერთმანეთთან.

სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი ასევე მავნებლური პოლიტიკით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ამის ნათელი მაგალითები აქვს საზოგადოებას, მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი. მათ შორის 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარებით. შესაბამისად, კონსტრუქციულ დიალოგზე ან ზოგადად, რეალურ კონსტრუქციულ პოლიტიკაზე საქართველოში თუ ვინმე მზაობას არ გამოხატავს, რომელიც რეალურად გვჭირდება, დღეს ნამდვილად არ გვიკვირს გარკვეული ოპოზიციური პარტიებიდან, არ გვიკვირს, განსაკუთრებით, „ქართული ოცნებიდან“ იმიტომ, რომ დღეს სწორედ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს პოლარიზებული სამოქალაქო სექტორი, პოლარიზებული ამომრჩეველი, მოქალაქეები და ჩვენი საზოგადოება, რომელიც დაპირისპირებულია ერთმანეთთან. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ცდილობს თავისიანებად და სხვისიანებად, მტრებად და მოყვრებად დაყოს ჩვენი მოქალაქეები, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა