მამუკა არეშიძე - პოლიტიკური ისლამი საკმაოდ ფეხმოკიდებულია საქართველოში - ზოგიერთი ორგანიზაცია არის იატაკქვეშა, მოქმედებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით - ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც სროლას და ბომბით სირბილს, ეს არის გავლენის ფორმატების შექმნა

პოლიტიკური ისლამი საკმაოდ ფეხმოკიდებულია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მამუკა არეშიძის თქმით, არსებობს „იატაკქვეშა ორგანიზაციები“, რომლებიც აღმოსავლეთში არსებულ ორგანიზაციებს ეყრდნობიან და „ქმნიან თავის ფენას, ცდილობენ, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში“.

„აქ არის სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები. ზოგიერთი ორგანიზაცია არის იატაკქვეშა, რომელიც ეყრდნობა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ორგანიზაციებს. ასევე არის ორგანიზაციები, რომლებიც მართვადია სხვა მესამე ძალის მიერ, ჩრდილოეთი, დასავლეთი, რომელიც გინდათ ის იგულისხმეთ, მაგრამ ეს ასეა. ესენი მოქმედებენ მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილას. მათი მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა და სხვადასხვა ტიპისაა. მაგალითად ფუნდამენტალისტების მოქმედების ერთ-ერთი ფორმაა ეკონომიკური დახმარება საქართველოს [მუსლიმი] მოქალაქეებისთვის. მაგალითად ხდება სამშენებლო მასალის გამოგზავნა, ტრაილერი ჩამოდის, ესენი ყიდიან და ფული რჩებათ ამათ. ასევე არსებობს სამკურნალო დაწესებულებები. მოკლედ, ქმნიან თავის ფენას, ცდილობენ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. მაგალითად პარლამენტში დეპუტატების გაყვანა. 2020 წელსაც ჰქონდათ ამის მცდელობა და 2024 წელსაც, მაგრამ არ გამოუვიდათ. პოლიტიკური ისლამი არ ნიშნავს მაინც და მაინც სროლას და ბომბით სირბილს, პოლიტიკური ისლამი არის გავლენის ფორმატების შექმნა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის თქმით, 10-12 წლის წინ საქართველოში შეიქმნა ერთ-ერთი დაწესებულება, რომლის მიზანიც იყო გაზრდილიყვნენ შაჰიდები, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა იმუშავეს და „რეზულტატი არ შედგა“.

„ირანის გავლენების გაძლიერება დაიწყო 90-იანი წლების ბოლოდან. ამიტომ ჩემთვის გასაკვირია, როცა ისე ლაპარაკობენ, ვითომ არ იცოდნენ. გეტყვით, რომ ის შედეგები, რომელიც დღეს არის, ბევრად უფრო ნაკლებად საშიშია, განსაკუთრებით ირანის შემთხვევასა და შიიტურ გავლენებს ვგულისხმობ, ვიდრე იყო 2000-იანი წლების დასაწყისში და 2016-2026 წლებში.

მე გავეცანი, რა კეთდებოდა ერთ-ერთ დაწესებულებაში, რომელსაც ჰქვია უმაღლესი დაწესებულება, სინამდვილეში ჩვეულებრივი მედრესეს სტატუსი აქვს. იქ პირდაპირ გათვალისწინებული იყო, რომ უნდა გაზრდილიყვნენ შაჰიდები. ეს იყო დაახლოებით 10-12 წლის წინ და მერეც გრძელდებოდა, მაგრამ რეზულტატი არ შედგა იმიტომ, რომ აქ საქართველოა. იმუშავა შესაბამისმა უწყებებმა, ასევე იქ მოხვედრილი ადამიანები იმ ცოდნის მიღებისთვის არ იყვნენ მზად. მომზადების პროცესი არ იყო დახვეწილი.

შიიტურ ისლამში არის ასეთი ჰადისი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მაჰდის [მესია] მოსვლის შემთხვევაში, სამი წმინდა ქალაქიდან უნდა ეახლოს 313 მეომარი, შაჰიდები, ერთ-ერთი ქალაქი არის ტიფლისი ანუ თბილისი. ზუსტად ამ იდეოლოგიაზე იყო აგებული ამ მედრესეს სასწავლო პროცესი, მაგრამ ეს არ შედგა. სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცა ეს ყველაფერი“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა