ლევან მახაშვილი - გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია, რაც იყო აწეული ყულევის პორტზე და ზოგადად, სანქციებზე, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია - არაერთი ელჩის მხრიდან მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით ჭორაობა

გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია, რაც იყო აწეული ყულევის პორტთან და ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია - უკვე მერამდენედ დასტურდება, რომ ეს ადამიანები არიან ჭორიკანები და მატყუარები, საქართველოს ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.

მახაშვილის განცხადებით, ქართული მხარე დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივად იქნება მჭიდრო კავშირში, რათა ევროკავშირიც, ამერიკელებიც და ბრიტანელებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ყულევის პორტში ნამდვილად „არაფერი ხდება“.

„ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიოსნად, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებებს და უპირველესად, უკრაინელების მიმართ აღებულ ვალდებულებას. უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია რაც იყო აწეული ამ თემასთან და ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია, არც მეტი და არც ნაკლები. ჩვენ არაერთი ელჩის მხრიდან მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით ჭორაობა. დღეს გამოჩნდა რეალურად, ვინაა ჭორიკანა და ვინაა პასუხისმგებლიანი ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში უპირველესად, რასაც ველით, არის ბოდიშის მოხდა ამ ადამიანისგან. სიმართლის აღიარებას მაინც, რომ რეალურად, მისი საუბრები იყო ჭორაობა და საქართველოს ხელისუფლების უსაფუძვლო ცილისწამება. მე მგონი, ამ წერილით, არა მხოლოდ სანქციებთან დაკავშირებით, არამედ ზოგიერთი ელჩის და დიპლომატის ქცევასთან დაკავშირებით, ყველაფერი არის ნათელი. უკვე მერამდენედ დასტურდება, რომ ეს ადამიანები არიან ჭორიკანები და მატყუარები. საქართველოს ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს.

როდესაც ეს პროცესი დაიწყო, კითხვები იყო, რამე ხომ არ ხდება ისეთი ამ პორტში. კითხვებს გაეცა პასუხი - ერთი, რომ არაფერი არ ხდება და მეორე, მუდმივად ვიქნებით მჭიდროდ ხაზზე დაინტერესებულ მხარეებთან იმისთვის რომ, არა მარტო ჩვენ, არამედ ევროკავშირის მხარეც, ამერიკელებიც და ბრიტანელებიც, დარწმუნებული იყვნენ, რომ ნამდვილად არაფერი ხდება. ამაზეა საუბარი," - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა