ირაკლი ქადაგიშვილი - აქამდე საქართველოს სჯიდნენ, აბუჩად იგდებდნენ, რას გადაგვაყოლეთ ამ თქვენს მშვიდობას და სტაბილურობასო და აღმოჩნდა, რომ თურმე, ეს მშვიდობა და სტაბილურობა დღეს მათთვის მნიშვნელოვანია

რეალიზმი მათ მწარე გაკვეთილებს უტარებს - აქამდე საქართველოს სჯიდნენ, აბუჩად იგდებდნენ კიდეც, რას გადაგვაყოლეთ ამ თქვენს მშვიდობას და სტაბილურობასო და აღმოჩნდა, რომ თურმე, ეს მშვიდობა და სტაბილურობა დღეს მათთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, რეალობამ ძალიან ბევრს თვალი აუხილა და რეალურ პოლიტიკას დაუბრუნდნენ.

ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ევროკავშირის გარკვეულ წრეებში საქართველოსთან მიმართებაში დესტრუქციული დამოკიდებულება მთლიანად გაქრა.

„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ფაქტობრივი მოცემულობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლის რაიმე მექანიზმებს იყენებს. ამიტომ, ეს ისედაც ვერ განხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, იყო სპეკულაციები. ეს სპეკულაციები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ საქართველო დაზიანებულიყო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამის პარალელურად განვითარდა მოვლენები, პირველ რიგში, ირანში და ყურეში მიმდინარე საომარი მოქმედებები მაქვს მხედველობაში, რამაც ფაქტობრივად, ევროპა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დააყენა. მოხდა ფასების ზრდა და ის ბანალური ჭეშმარიტება, რაც თითქოს, ყველასთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ საქართველო და სამხრეთი დერეფანი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტერია და ალტერნატივა და რომ აქ მშვიდობას, სტაბილურობას და ნორმალურ ურთიერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ შორის, ევროპის ენერგეტიკული, თუ სხვა ტვირთებით მომარაგების უსაფრთხოებისთვის, ამ რეალობამ როგორც ჩანს, ძალიან ბევრს თვალი აუხილა, შეხედეს რეალობას და დაუბრუნდნენ რეალურ პოლიტიკას. იმედია, ასე გააგრძელებენ და რეალურ პოლიტიკას რეალური თვალებით შეხედავენ.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ევროკავშირის გარკვეულ წრეებში საქართველოსთან მიმართებაში დესტრუქციული დამოკიდებულება მთლიანად გაქრა. დიპლომატიური პასპორტების ხანგრძლივი ისტორიაც ამას მიუთითებს. მაგრამ ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ხედავენ, რომ რეალიზმი მათ მწარე გაკვეთილებს უტარებს, ამიტომ ის, რისთვისაც საქართველოს აქამდე სჯიდნენ, აბუჩად იგდებდნენ კიდეც, რას გადაგვაყოლეთ ამ თქვენს მშვიდობას და სტაბილურობასო, აღმოჩნდა რომ თურმე, ეს მშვიდობა და სტაბილურობა არის დღეს მათთვის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა