ბევრი იწერება იმაზე, რომ ამ პირობებში ტერორიზმი იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
როგორც ხარშილაძემ აღნიშნა, ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის შვილის, რეზა ფეჰლევის ირანში ჩასვლა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მას ქვეყნის შიგნით დიდი მხარდაჭერა აქვს.
“დღევანდელი ისლამისტური რესპუბლიკის ელიტამ კარგად იცის, რომ ახლა ისინი თუ დაუწვებიან ამერიკას, შეიძლება არა მარტო თავისუფლება, სიცოცხლეც ვერ შეინარჩუნონ, იმდენი ადამიანი ჰყავთ გამწარებული. თან ეს ის ხალხია, ვინც ისრაელს სიკვდილით ემუქრებოდა, პირადად აფინანსებდა ისრაელში ტერაქტებს და რა გარანტიებიც არ უნდა მისცენ, ის არ იქნება ნამდვილი. შესაბამისად, მათ დასაკარგი არაფერი არ აქვთ. შეიძლება, ასადის დონის ფიგურა მოსკოვში გაიქცეს, მაგრამ მაგალითად, გუშაგთა კორპუსის სამმართველოს უფროსს ან მათი პოლიტიკური პოლიციის ხელმძღვანელს მოსკოვში არავინ მიიღებს, შესაბამისად, ასეთ კონფლიქტში მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ.
ბევრი იწერება იმაზე, რომ ამ პირობებში [მსოფლიოში] ტერორიზმი იქნება. რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ არაორგანიზებული ტერორიზმი ჯობია ორგანიზებულ ტერორიზმს იმიტომ, რომ ირანი ახლა აუცილებლად დაიწყებს ტერორისტული შეტევების გამოყენებას და ჯობია, რომ ნაკლები მოსამზადებელი დრო ჰქონდეს მაგაზე, ამერიკისა და ისრაელის გადმოსახედიდან.
ჩემი აზრით, უფლისწულის, ანუ შაჰის შვილის ჩასვლა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა ის ჩაუდგეს სათავეში. სირიისგან, ავღანეთისგან და ლიბიისგან განსხვავებით, ირანში ჰყავთ რეზა ფეჰლევი, ნაციონალისტებისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. იქ არ ჰყავდათ ასე, ავღანეთში არავინ არ ჰყავდათ და გამოძებნეს ადამიანი, რომელსაც პატარა პიცერია ჰქონდა, სანამ ამერიკაში ცხოვრობდა და ის გახადეს პრეზიდენტი. ლიბიაში საერთოდ არავინ არ ჰყავდათ, ეს კი ადამიანია, რომელმაც ირან-ერაყის ომის დროს თქვა, მე ჩამოვალ და რიგით მფრინავად ვიბრძოლებ ჩემი სამშობლოს დასაცავადო. ეს ხალხს არ დავიწყებია, ძალიან ბევრი სწორი რაღაც აქვს ამ კაცს გაკეთებული, ამიტომ ამის არგამოყენება იქნება არასწორი”, - განაცხადა ხარშილაძემ.
მისივე თქმით, ამერიკის ქმედება ირანში ძალის დემონსტრირებაა, რომლის შედეგადაც მოსკოვი დაიძაბა.
“ერთი მხრივ, ეს არის ძალის დემონსტრირება ამერიკის მხრიდან არა ჩინეთისთვის, არამედ ყველასთვის, შესაბამისად, ეს სიგნალი ძალიან მკაფიო იყო. პირველ რიგში, ამით მოსკოვი დაიძაბა და არა პეკინი. მეორე მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკამ ანახა ყველას, რომ კარგ ბიჭებსაც შეუძლიათ ცუდად მოქცევა, თუ დასჭირდათ. არ არის ეს მარტო რუსეთი, რომელიც ხულიგანია და ყველა ზის კუთხეში და ეს აქედან თითს უქნევს. თუმცა, ამის ფასი არის ევროპასთან ურთიერთობა, იგივე ფრანგებთან, იგივე ბრიტანელებთან, ევროკავშირთან. ტრამპი რომ გიჟია, ევროპაში კიდევ ერთხელ დადასტურდა ამით. ევროპა იმაში დარწმუნდა, რომ ამერიკის იმედზე არ უნდა იყოს, ამან ცოტა გამოაღვიძა ევროპა. კი, შეიძლება შემდეგი პრეზიდენტი კარგი იყოს, მათთვის მისაღები, მაგრამ ამათ იმედზე აღარ იქნება. ამ ლიტურგიულმა ევროპამ გამოიღვიძა.
ახლა ჩვენ უნდა ველოდოთ ძალიან სწრაფ უსაფრთხოების რეფორმებს და ირანმა ეს პროცესი კიდევ უფრო განამტკიცა”, - აღნიშნა ხარშილაძემ.