საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის IV კვარტალში 391.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის IV კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2.3%-ით ნაკლებია.
მათივე ცნობით, კლება განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
„წინასწარი მონაცემებით 2025 წლის მეოთხე კვარტალში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 202.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 51.6 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა 76.8 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 38.7 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 81.1 პროცენტს შეადგენს.
წინასწარი მონაცემებით 2025 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 289.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (74.0 პროცენტი). მეორე ადგილზე მშენებლობის სექტორია 33.1 მლნ. აშშ დოლარით (8.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 23.0 მლნ. აშშ დოლარით(5.9 პროცენტი). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 88.3 პროცენტი შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.