„ქართულ ოცნებას“ სჭირდება ევროკავშირთან, ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზაცია და თუ წინაღობა არის პოლიტიკური პატიმრები, ის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას აირჩევს - ეს არის ყველაზე მინიმალური ზომა, რომელზეც დიდი სიამოვნებით წავა, ოღონდ სჭირდება გარანტიები, რომ ამ შემთხვევაში, ურთიერთობების ნაწილს აღვადგენთ, - ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტს და გზავნილებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა „მინიმუმ უნდა განიხილონ პატიმრების გათავისუფლება, რომლებმაც განაჩენის მინიმუმ 50% ციხეში გაატარეს“.
გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით გამოსავალს ეძებს.
მისივე თქმით, მმართველ პარტიას ახალი არჩევნების დანიშვნა და კანონების უკან წაღება დიდ ზიანს მიაყენებს, ამიტომ პოლიტიკური პატიმრების გამოშვება არის „ყველაზე მინიმალური ზომა, რომელზეც დიდი სიამოვნებით წავა“.
„დარწმუნებული ვარ, მმართველი პარტია დიდი ხანია გამოსავალს ეძებს. ის გარკვეული ანალოგიებით მოქმედებს და უყურებს, როგორ მოხდა მაგალითად, ბელარუსში, ვენესუელაში, სადაც პოლიტიკური პატიმრების გამოშვება დაიწყეს. ანუ, რა თქმა უნდა, მას სჭირდება ურთიერთობების ნორმალიზაცია ევროკავშირთან, ამერიკასთან, ამას არც მალავს. ნორმალიზაციისთვის წინაღობა თუ არის პოლიტიკური პატიმრები, ის, რა თქმა უნდა, აირჩევს პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას. ეს ყველაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებს მის შესაძლებლობებს. კანონების უკან წაღება აყენებს ზიანს, იმიტომ, რომ აღარ ექნება საშუალება, მოსახლეობა ისევ დააშინოს. ახალი არჩევნები რისკის ქვეშ აყენებს. ამიტომ ეს არის ყველაზე მინიმალური ზომა, რომელზეც დიდი სიამოვნებით წავა, ოღონდ სჭირდება რაღაც გარანტიები, სიგნალები, რომ ამ შემთხვევაში, აღვადგენთ ურთიერთობების ნაწილს, პოლიტიკურ დიალოგს. რა თქმა უნდა, მას სჭირდება მოლაპარაკება ევროკავშირთან, სხვა აქტორებთან იმისთვის, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, სიტუაციიდან სისტემური გამოსავალი. ნორმალიზაციისთვის სისტემური გამოსავალია ის, რომ, რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა აღდგეს ქვეყანაში და გარემო უნდა შეიცვალოს - ეს თუ არ მოხდა მე მგონი, საშუალო, გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ დავუბრუნდებით იგივე პრობლემებს,“ - განაცხადა გოგოლაშვილმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში, ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის წერილი გულისხმობს იმას, რომ საქართველო ვალდებულებებს არ ასრულებდა და ქვეყნის ქმედება ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.
გოგოლაშვილის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, „ევროკავშირისთვის სანქციის მიღება უხერხული გახდა“.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მძლავრი კომუნიკაცია მიმდინარეობდა, რადგან ყულევის პორტი მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ აზერბაიჯანისთვის.
„ფაქტია, ევროკავშირისგან მოწერილი წერილი გულისხმობს იმას, რომ საქართველო არ ასრულებდა ვალდებულებებს. ეს წერილი პირდაპირ გულისხმობს, რომ ვალდებულებები არსებობდა თუ არა, ქმედება, რომელიც ხორციელდებოდა, ან პირიქით, არქმედება, ევროკავშირის დაწესებული სანქციების პოლიტიკასთან სრულად წინააღმდეგობაში მოდიოდა. თავისთავად, როგორც ჩანს, იქნა მიცემული დაპირებები - არანაირი ახალი ვალდებულებები, ეს ნათქვამია იმ კონტექსტში, რომ პოლიტიკური ვალდებულებები არსებობდა. რომ არაფერი ყოფილიყო, ის მოიწერებოდა, რომ „ჩვენ კარგად გამოვიკვლიეთ საკითხი და აღმოჩნდა, რომ დარღვევას ადგილი არ აქვს და ვიმედოვნებთ, საქართველო კვლავ გააგრძელებს მოქმედებას, რომელიც არ დააზიანებს ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას“, მაგრამ ის წერილი, რომელსაც ახლა ჩვენ ვკითხულობთ, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომ საქართველოს ქმედება ევროკავშირის სანქციების გადაწყვეტილებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა და ახლა საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს. თავისთავად, [„ქართული ოცნების“ მხრიდან] დაპირებები იქნა მიცემული, ეს ახალია თუ ძველი, არ აქვს მნიშვნელობა. ეს იგივეა ბავშვი, რომელიც მშობელს ყოველ დღე ეუბნება, გამოვსწორდებიო, როცა სკოლაში აგვიანებს და მასწავლებელს ეუბნება, დღეიდან აღარ დავაგვიანებო. ეს ვალდებულება ყოველთვის არსებობს, რომ სკოლაში უნდა მიხვიდე დროზე, მაგრამ ის ყოველ დღე ამ ვალდებულებას ახმოვანებს. პრაქტიკულად, ეს სიტუაცია გვაქვს ჩვენ. მეორე, რაზეც მე ეჭვი მაქვს, ევროკავშირს უნდა ჰქონოდა ასეთი ტიპის იდეა, რომ თავად გააძლიეროს მონიტორინგი - შეიძლება, დაუშვა კიდეც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის რაღაც ჯგუფი. შეიძლება, პირდაპირ ხორციელდებოდეს პორტის მონიტორინგი, იქ, შეიძლება მივლენილი იყოს ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე დააკვირდება. ამის უფლება აქამდე არ ექნებოდათ. დარწმუნებული ვარ, იქნებოდა ძალიან მძლავრი გაფრთხილება თუ გაგრძელდა ეს პოლიტიკა, რომელშიც შემჩნეული იყო ეს პორტი, აუცილებლად მოხდება დასანქცირება,“ - აღნიშნა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ ირანისადმი გაგზავნილ წერილებს, გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნეიტრალური პოზიცია აქვს.
მისი თქმით, საქართველოს სწორი პოზიცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრა იქნებოდა და ამ შემთხვევაში, არც სამძიმრის წერილის გაგზავნა იქნებოდა აუცილებელი და არც დაგმობის.
„საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ნეიტრალური პოზიცია. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში არის აშკარად ნეიტრალური. ირანთან მიმართებაშიც ასევე ნეიტრალური პოზიცია აქვს. ნეიტრალური პოზიციაში შეიძლება გარკვეული პროტოკოლური გადაწყვეტილებები. ამ წერილში დავაკვირდი და არანაირად არ არის გადამეტებული ემოცია. აქ ძალიან მშრალად და ზუსტად ის ფრაზებია გამოყენებული, რომელიც მისი პოზიციიდან გამომდინარეობს. შეიძლება ვიდავოთ იმაზე, რამდენად სწორია საქართველოს პოზიცია. საქართველოს სწორი პოზიცია იქნებოდა ის, რასაც მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ავალებს. ანუ, მისი საგარეო პოლიტიკა 80%-ით მაინც უნდა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. რა პოზიციონირებაც აქვს ევროპას, ის უნდა იყოს. მაშინ არ იქნებოდა, რა თქმა უნდა, აუცილებელი ამ წერილების გაგზავნა“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება „ქვეყანაში ირანის გავლენის ზრდაზე“ სუს-ში მიმდინარე გამოძიებას, გოგოლაშვილის განცხადებით, ეს გამოძიება პოლიტიკური პრევენციის მიზნით მიმდინარეობს და მას რეალურ საფრთხეებთან ბრძოლის დატვირთვა არ აქვს.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია ცალკეულმა პირებმა მოსახლეობას არ შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ სინამდვილეში დაცული არაა.
„ეს არის დემონსტრაციულად გაკეთებული. ჰგავს დაშინებას. წმინდა პოლიტიკური ბრძოლის ელემენტია. ასეთი დაშინების ქმედება ყველა იმ აქტორის მიმართ გამოიყენება, რომელიც მოტივაციას გაუქრობს, რომ საერთოდ ხმა ამოიღონ. ის, რომ ვთქვათ, საქართველოში მოსალოდნელია ტერაქტები და ა.შ. ირიბად თუ პირდაპირ, უთხრის ძირს ხელისუფლების პოზიციებს საქართველოში, იმიტომ, რომ მათი მთავარი მესიჯია - „იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, მოსახლეობა დაცულია ომისგან და გარე საფრთხეებისგან“. როცა ანალიტიკოსი გამოდის და ამბობს დაცულები არ ხართ, შეიძლება ომი დაიწყოს, რაღაც აფეთქდესო, ეს მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. აქ არის პოლიტიკური პრევენცია, ამას არ აქვს რეალურ საფრთხეებთან ბრძოლის დატვირთვა. აქ არის მოტივაციის შეზღუდვა, რომ არ ილაპარაკონ ასეთი რაღაცები და მოსახლეობას არ შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ სინამდვილეში დაცული არაა,“ - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.