4 ოქტომბრის საქმეზე სდსს-ის თანამშრომელი - ათონელის რეზიდენციის ეზოში მომიტინგეებთან შეჯახება მომიწია, ფეხებს იქნევდნენ და ორჯერ მომხვდა გულმკერდში, ვინ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, აღარ მახსოვს - ჩვენი მხრიდან პროვოკაცია არ ყოფილა

როცა მომიტინგეები მოვიდნენ ათონელის რეზიდენციასთან, დავინახე, რომ მათ ხელში ეჭირათ სახელმწიფო დროშები. მე პირადად სხვა არაფერი დამინახავს. ეზოში არის გარე და შიდა განათება. [5 ოქტომბერს] პოლიციაში ჩვენების მიცემისას მახსოვდა, ვინ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ახლა აღარ მახსოვს, ახლა შეიძლება ჩემი კლასელი ვერ გავიხსენო. არ ვიცი, ახლა, ის პიროვნება ზუსტად იმყოფება თუ არა დარბაზში,- ამის შესახებ სდსს-ის თანამშრომელმა გიორგი თათარაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურის მხრიდან, მოწმის სახითაა წარმოდგენილი.

ადვოკატების კითხვაზე, თუ რატომ ვერ იხსენებს დღეს მათ, ვინც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მოწმე პასუხობს, რომ ამის შემდეგ დიდი დროა გასული.

გიორგი თათარაშვილის თქმით, ის სდსს-ს თანამშრომელი წელიწადზე მეტია არის, უშუალოდ მუშაობს ათონელის რეზიდენციაში და მის მოვალეობაში შიდა და გარე-პერიმეტრის დაცვა შედის. მისი თქმით, შეტყობინება მიიღო ხელმძღვანელისგან, რომ აქციის მონაწილეები მისვლას აპირებდნენ ათონელის რეზიდენციასთან და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალური მედიითაც მიიღო.

„რეზიდენციასთან, ჭიშკართან ჯერ ჟურნალისტები მოვიდნენ, რა დროსაც ჩემმა თანამშრომლებმა ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. შემდეგ მალევე მოვიდნენ აქციის მონაწილეები და მალევე მოხდა ღობის გადანგრევა. ეზოში 8 თანამშრომელი ვიყავით. ღობის გადმონგრევის დროს, მე და ჩემი რამდენიმე თანამშრომელი ჭიშკართან რამდენიმე მეტრში ვიდექით. როცა მოვიდნენ მომიტინგეები, გვაგინებდნენ, საშინელ რაღაცებს გვეძახდნენ. მოვუწოდებდით, რომ არ შემოსულიყვნენ ეზოში, რადგან ეს იყო კანონდარღვევა, თუმცა ამის მერე მოხდა ღობის გადმონგრევა და მე მათ შევეწინააღმდეგე. როგორც კი ღობე გადმოინგრა და ჩვენი ობიექტის დასაცავად მივედით, გვესროდნენ ქვებს, მიიღეს დაზიანება ჩემმა თანამშრომლებმა, მათ შორის სახეში. შემდეგ მოხდა ეზოში შემოჭრა. შემოჭრისას მომიწია მათთან შეჯახება. როგორც მახსოვს, გულმკერდის არეში მომხვდა ფეხი, უშუალოდ ფეხებს იქნევდნენ. მახსოვს, ორჯერ მომხვდა გულმკერდის არეში. რაც შეეხება ჩემს თანამშრომლებს, ბეჟანიშვილს თავს დაესხა კონკრეტული პიროვნება, სახეში დაარტყა. ასევე ჩემი განყოფილების უფროსს ერთ-ერთმა მომიტინგემ ე.წ. აირწინაღი დაარტყა ზურგში. როცა უკვე აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, ერთ წუთში მოვიდა სპეცრაზმი და მიიღო დაუყოვნებლივი ზომები. ჩვენ უკან დავიხიეთ, გადავკეტეთ ჭიშკარი, რათა ეზოში არ შემოეღწიათ მომიტინგეებს.

როცა შემოიჭრნენ მომიტინგეები, სპეცრაზმმა ერთი ნაკადი დაშალა, თუმცა ისინი მაინც აგრძელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის გვესორდნენ ქვაფენილის ქვებს. მოგვიწოდებდნენ, გადმოდით ჩვენს მხარეს და ა.შ. მე შარვალიც დამიზიანდა, იყო გახეული. ვიდეოში ამოვიცანი ჩემი თავი, ასევე ის ვინ მირტყამდა, რას გვირტყამდნენ და ა.შ.

როცა მომიტინგეები მოვიდნენ ათონელის რეზიდენციასთან, დავინახე, რომ ხელში ეჭირათ სახელმწიფო დროშები. მე პირადად სხვა არაფერი დამინახავს. ეზოში არის გარე და შიდა განათება. (5 ოქტომბერს) პოლიციაში ჩვენების მიცემისას მახსოვდა, ვინ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ახლა აღარ მახსოვს, ახლა შეიძლება ჩემი კლასელი ვერ გავიხსენო. ახლა არ მახსოვს. არ ვიცი, ახლა, ის პიროვნება ზუსტად იმყოფება თუ არა დარბაზში.

ითხოვდნენ, სასახლის გასაღები მოგვეცითო, იგინებოდნენ. რატომ დაგვესხნენ თავს, არ ვიცი, ჰკითხეთ მათ. ჩვეულებრივ, აგრესიით მოვიდნენ. მოვუწოდებდით, რომ შემოსვლა იყო კანონდარღვევა. პირველი ის ღობე გადმოინგრა, სადაც ვჩანვარ მე, კადრში....

ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით არანაირ პროვოკაციას არ ჰქონია ადგილი”,- განაცხადა გიორგი თათარაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. სხდომაზე სდსს-ს თანამშრომლის, გიორგი მენთეშაშვილის შემდეგ, ამ

წუთებში, მოწმის სახით იკითხება პოლიციელი ნიკა სახელაშვილი.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა