თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, “ისრაელის წაქეზებით ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა” მძიმე ზიანი მიაყენა როგორც თურქეთს, ასევე მსოფლიო ეკონომიკას.
მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაჭრის შესაძლებლობა არსებობს, რეგიონი კვლავ „სისხლისა და დენთის სუნით დაიფარა არასწორი გათვლების, არასწორი შეფასებებისა და სისხლისმსმელი ქსელის პროვოკაციების შედეგად“.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ირანზე თავდასხმები სერიოზულ ზეწოლას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე, უპირველეს ყოვლისა, ნავთობის ფასების ზრდით.
„უკვე არა მხოლოდ ომში უშუალოდ ჩართული ქვეყნები, არამედ მთელი მსოფლიო ემზადება ამ კონფლიქტის ფასის გადასახდელად. ყველა ვხედავთ, რომ თუ ეს უაზრო, წესებისა და კანონების დაცვის გარეშე მიმდინარე ომი გაგრძელდება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დანაკარგი იქნება, გლობალური ეკონომიკისთვის კი ეს დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება”, - აღნიშნა ერდოღანმა.
მისი მტკიცებით, თურქეთი წლების განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ დაძაბულობა კონფლიქტში არ გადაზრდილიყო და საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარება უზრუნველყოფილიყო.
“კონფლიქტის დაწყების დღიდან კონტაქტი გვქონდა როგორც ირანთან, ასევე შეერთებულ შტატებთან და შესაბამის რეგიონულ ქვეყნებთან. 20-ზე მეტი სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენი სხვა კოლეგებიც მუდმივ კონტაქტში იყვნენ თავიანთ კოლეგებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ არ დაგვიკარგავს ცეცხლის შეწყვეტის იმედი. ეს ომი უნდა შეწყდეს, სანამ გამწვავდება და რეგიონს მთლიანად ცეცხლის ალში გაახვევს. თუ დიპლომატიას შანსი მიეცემა, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია. ჩვენ მოთმინებით ვაგრძელებთ ძალისხმევას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისა და დიპლომატიის ხელახლა გააქტიურების მიზნით“, - აღნიშნა ერდოღანმა.