ვაიმარის ქვეყნების განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთი მხრივ, ევროპული კავშირის კარი არის ღია და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ წავიდეს ამ კარისკენ, - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია ვაიმარის სამკუთხედის განცხადებას, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.
გეგელიას შეფასებით, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნებისგან ვისმენთ, რომ საქართველო „ღალატობს იმ კურსს და იმ ვალდებულებებს, რომლებიც მას საერთაშორისო თანამეგობრობის, კონკრეტულად, ევროკავშირის და ევროპული ნორმატიული დღის წესრიგის მიმართ აქვს აღებული“.
„ვაიმარის ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან, მნიშვნელოვანი გავლენის მატარებელი სახელმწიფოები, ისტორიულად საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები. ჩვენ ამ ქვეყნებისგან ვისმენთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ღალატობს იმ კურსს და იმ ვალდებულებებს, რომლებიც მას საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ და კონკრეტულად, ევროკავშირის და ევროპული ნორმატიული დღის წესრიგის მიმართ აქვს აღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთი მხრივ, ევროპული კავშირის კარი არის ღია და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ წავიდეს ამ კარისკენ. პირიქით, აქტიურად უქოლავს მილიონობით ქართველს იმ გზას, რომელიც მიდის რეალური მშვიდობისკენ, რეალური კეთილდღეობისკენ და მეტი პოლიტიკური სტაბილურობისკენ. ამასთან, იმ პროექტისკენ, რომელსაც ევროპული კავშირი ჰქვია. მშვიდობის სახელით „ქართული ოცნება“ აქტიურად თანამშრომლობს ომის პარტიასთან, ომის მხარეებთან, ომის სახელმწიფოებთან. პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ არ გადადგას ქმედითი ნაბიჯები წინ, ევროპული მშვიდობის წესებზე დაფუძნებული დღის წესრიგისკენ“,- განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღინიშნება, რომ ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, წუხან საქართველოს პარლამენტის მიერ, 4 მარტს, უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რაც „სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტურია“.
მათივე შეფასებით, „ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში“.