დავით და გიორგი მიქაძეებს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ და ფიზიკურადაც არ დამინახავს. გიორგი ჯოხაძე ხელფასის ნაწილს ხელზე მაძლევდა, ნაწილს სხვა მირიცხავდა, არასდროს დავინტერესებულვარ, ვინ მირიცხავდა. როგორც ჩემი სისხლის სამართლის საქმიდან გავიგე, თურმე, თანხას ვინმე დავით მიქაძე მირიცხავდა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის , - ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა განაცხადა.
ის აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე, სადაც ბრალდებულები მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი არიან, ჩვენებას აძლევს.
ის ძებნაში მყოფ გიორგი ჯოხაძის მძღოლისა და დაცვის მოვალეობას ითავსებდა. ჯოხაძეს კი ძმებ მიქაძეებთან ერთად ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან.
„ვიცნობ გიორგი ჯოხაძეს, 2022 წელს გავიცანი, მასთან ვმუშაობდი, ბიზნესმენია, მაგრამ რა სახის ბიზნესში იყო, არასდროს დავინტერესებულვარ. წოდებით მაიორი ვარ და იარაღის ტარების უფლება მქონდა, სპეცრაზმელი ვიყავი 2007 წლიდან 2021 წლამდე, რიგითი მოიერიშის პოზიციაზე ვიყავი, კონკრეტულად ვერ ჩამოგიყალიბებთ, რას ვაკეთებდი, რასაც ჩემი უფროსი მომცემდა დავალებას, იმას ვაკეთებდი.
2021 წელს ჩემი სურვილით წამოვედი სამსახურიდან, 2022 წელს ჯოხაძესთან დავიწყე მუშაობა. კანონიერად მქონდა იარაღის ტარების უფლება. გაფორმებული არ ვიყავი დაცვის პოლიციაში. მძღოლიც ვიყავი, იარაღის ტარების უფლება მქონდა და დაცვის მოვალეობასაც ვითავსებდი.
უკრაინაში 2022 წლის აპრილის ბოლოს წავედი, დაახლოებით 20 ივნისს ჩამოვედი. ჯოხაძესთან ვმუშაობდი მანამდეც, 2 თვით წავედი უკრაინაში და ისევ ჯოხაძესთან მივედი. უკრაინაში ინსტრუქტორი ვიყავი, იდეა ასეთი იყო, რომ წვევამდელებისთვის ინსტრუქტაჟი ჩამეტარებინა, ჩემით წავედი იქ. ომი ახალი დაწყებული იყო და წვრილმანებს მეკითხებით, ამას ვერ გავიხსენებ...
როცა „საშხაპეში“ მანქანის გასარეცხად მივდიოდით, მე სულ გარე სივრცეში ვიყავი. დავით და გიორგი მიქაძეებს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ და ფიზიკურადაც არ დამინახავს.
გიორგი ჯოხაძე ხელფასს კარგად მაძლევდა, ნაწილს ხელზე მაძლევდა, ნაწილს სხვა მირიცხავდა, არასდროს დავინტერესებულვარ, ვინ მირიცხავდა. ყოველი თვის ბოლოს ერთი და იმავე რიცხვში თანხა მერიცხებოდა.
როგორც ჩემი სისხლის სამართლის საქმიდან გავიგე, თურმე, თანხას ვინმე დავით მიქაძე მირიცხავდა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის. გიორგი ჯოხაძე როგორ შოულობდა ფულს და როგორ მიხდიდა ხელფასს, არც ამით დავინტერესებულვარ.
მოჭრილი ხელფასი 2000 დოლარი მქონდა და კიდევ მაძლევდა დამატებით. .
2025 წელს გადავწყვიტე სამსახური დამეტოვებინა, ასაკი აღარ მიწყობდა ხელს. საბერძნეთში წავედი, ობიექტზე უნდა დამეწყო მუშაობა, ალბათ, მეკითხებით, თუ ამხელა ხელფასი გქონდა, მუშად რატომ მიდიხარო. ხელფასი მქონდა მაღალი, მაგრამ აღარ მინდოდა იმ პოზიციაზე - პირად დაცვაში მუშაობა. საბერძნეთში უნდა დამეწყო მუშაობა, მაგრამ პირობები არ მომეწონა და წამოვედი... საბერძნეთში წასვლა ისე გამოჰყავთ, თითქოს უცხო პლანეტაზე წავედი. ვაზისუბანში, ქირით ვცხოვრობდი, ერთმა ადამიანმა, მე გაროს ვეძახდი, მითხრა, რომ საბერძნეთში სამუშაო იყო და წავედი, მაგრამ იქ პირობები არ დამხვდა",- განაცხადა უძილაურმა.
მისივე თქმით, გიორგი ჯოხაძე სასტუმრო "თბილისი თაუერსში" არაერთხელ მიუყვანია.
მისივე თქმით, ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძეს გიორგი ჯოხაძისგან იცნობს, რადგან მისი ძმაკაცი იყო.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის კითხვაზე, 15 თებერვალს, ერთი და იმავე ანძაზე მამუკა ბაღდავაძე და ის დუშეთის რაიონში ერთად რატომ დაფიქსირდნენ, რაზეც მსჯავრდებულმა ანძის მომსახურება განმარტა.
"ერთ ანძას რამდენიმე კილომეტრს შეუძლია მოემსახუროს, ერთ ანძას შეუძლია ასობით შენობას მოემსახუროს. პროკურორს მინიშნებები აქვს ანძაზე, ამა და ამ დროს ანძაზე დაფიქსირდა და იმ შენობაში იყო გელა უძილაურიო, ამ მინიშნებებით მომისაჯეს უვადო თავისუფლების აღკვეთა. "თბილისი თაუერს" რა ანძაც ემსახურება, იგივე ანძა ემსახურება თბილისის პროკურატურას... იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება ორ ადამიანს შორის 7-8 კილომეტრი იყოს დაშორება და ერთი და იმავე ანძამ დააფიქსიროს", - განაცხადა უძილაურმა.
მისივე თქმით, დუშეთში მეგობარ გოგონასთან იყო, ნაქირავებ ბინაში.
ცნობისთვის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გიორგი კაჭკაჭაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, მამუკა ბაღდავაძეს კი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას.