გია ვოლსკი - არსებობს ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი, ვერ დაელაპარაკები ადამიანს, რომელსაც დამიზნებული აქვს იარაღი და როგორც კი, მიუახლოვდები, გაისვრის - მათთან დიალოგი შეუძლებელია

ვერ დაელაპარაკები ადამიანს, რომელსაც დამიზნებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღი და როგორც კი, მიუახლოვდები, იარაღი გაისვრის - ეს იარაღი შეიძლება იყოს ნამდვილად ცეცხლსასროლიც კი და შეიძლება ფიგურალურადაც პოლიტიკურად შევაფასოთ - დიალოგის საშუალება იყო, რომ არა ის საბოტაჟი, რომელიც მათ გამოუცხადეს საკუთარ ქვეყანას და პარლამენტში არ შემოვიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციასთან დიალოგი ვერ შედგება.

“ოპოზიციასაც გააჩნია. არსებობს ოპოზიციად წოდებული შეთქმულთა გუნდი, რომელიც პირდაპირ ქვეყანას უტევს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათთვის დიალოგი არ არის სასურველი. ვერ დაელაპარაკები ადამიანს, რომელსაც დამიზნებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღი და როგორც კი, მიუახლოვდები, ეს იარაღი გაისვრის. ეს იარაღი შეიძლება იყოს ნამდვილად ცეცხლსასროლიც კი და შეიძლება ფიგურალურადაც პოლიტიკურად შევაფასოთ. სიტუაცია ძალიან რთულია ამ შემთხვევაში. დიალოგის საშუალება იყო, რომ არა ის საბოტაჟი, რომელიც მათ გამოუცხადეს საკუთარ ქვეყანას და პარლამენტში არ შემოვიდნენ. ამას უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ საბოტაჟი განახორციელეს არა იმიტომ, რომ რაღაც საკითხების მიმართ აქვთ პრინციპული პოზიცია, არამედ იმ მიზნით, რომ რევოლუცია მოეხდინათ. საკითხებზე მსჯელობა შეიძლება პარლამენტშიც, პარლამენტის გარეთაც, მწვავე დაპირისპირებებიც შეიძლება, მაგრამ ამ ბოლო წლებმა დაგვანახეს, რომ ერთადერთი მიზანი და ამოცანა არის საქართველოში ცეცხლის დანთება, რომელიც ქვეყანას ნგრევის გზას გაუყენებს. თან რა დიალოგზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მითუმეტეს ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ესენი დამნაშავეები არიან. კონკრეტული ადამიანები არიან დამნაშავეები - ფიზიკურად აწამეს, ფიზიკურად მოკლეს ადამიანები, საქართველოს ტერიტორიების 20% განზრახ ჩაუგდეს რუსეთის ფედერაციას ხელში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არგუმენტები გვაქვს. დიალოგი, რასაკვირველია, ვერ შედგება.

ასევე, მოთხოვნა არ არის ასეთი. პირიქით, ადამიანები გამოდიან ფიზიკურ განადგურებას გიქადიან, გეუბნებიან, რომ ტყვია უნდა გესროლონ თავში პირდაპირი გაგებით, 84-ს თუ რამდენიც არის დეპუტატს ტყვია უნდა მოხვდეს და ეს ერთი ადამიანის განცხადება არ არის. რაღა დიალოგზეა საუბარი საერთოდ? მეორე ამბობს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს ბენზინი რომ გადაასხან ან ჩვენს ლიდერს და დაწვან, მათთვის იქნება ეს სასიხარულო ფაქტი და მოვლენა. ვის უნდა ელაპარაკო? ასეთ ადამიანებთან დიალოგი შეუძლებელია, რაც არ უნდა დიდი სურვილი გქონდეს, შეუძლებელია. ერთი ზებუნებრივი ძალა თუ რაღაცა გავლენას იქონიებს პროცესებზე. და მეორე - არსებობს და იმედი გვაქვს, რომ წარმოიშობა მაინც საზოგადოებაში ისეთი ძალები, გაერთიანებები, რომლებსაც ექნებათ თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული ოპონირების კულტურა”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სტაბილურობისა და ქვეყანაში პრობლემების მოგვარებისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა