პროკურორი - გელა უძილაურის განმარტებები წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან - იმის ასახსნელად, რატომ იყო ჭავჭავაძეზე, თქვა, რომ იყო სვეტასთან, რატომ იმყოფებოდა დუშეთში, იყო სვეტასთან, როდესაც უჭირს, ახსნას გარემოებები, საქმეში შემოდის სვეტა

ცალსახაა, რომ მოწმე აგრძელებს ცრუ ინფორმაციის მიწოდებას, რომ როგორმე მართლმსაჯულება შეიყვანოს შეცდომაში, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სადაც მოწმის სახით ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებული გელა უძილაური დაიკითხა.

პროკურორის განცხადებით, მოწმის განმარტებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან, რომლებიც უტყუარადაა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი არა მხოლოდ დეტალური ინფორმაციით, არამედ გამოკვლეული მტკიცებულებებით.

„დღეს დავკითხეთ მსჯავრდებული გელა უძილაური. მინდა გითხრათ, რომ აქტუალურია სვეტას თემა. დღეს ბატონი გელასგან მოვისმინეთ მხოლოდ ერთი გარემოება, სვეტა იმყოფებოდა დუშეთში. მოწმეს წარვუდგინეთ დეტალური ამონაწერი, გიორგი ჯოხაძე, მამუკა ბაღდავაძე და გელა უძილაური ერთდროულად იმყოფებოდნენ ახატანის ანძაზე, სოფელ წითელსოფელში, 15 და 18 თებერვალს. გელა უძილაურმა განმარტა, რომ ამ დროს იმყოფებოდა დუშეთში სვეტასთან ერთად. სხვა რაიმე წონადი არგუმენტაცია არ მოგვისმენია გელა უძილაურისგან. მისი განმარტებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან, რომლებიც უტყუარადაა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი არა მხოლოდ დეტალური ინფორმაციით, არამედ გამოკვლეული მტკიცებულებებით.

სვეტა არის [ჩვენებაში] მაშინ, როდესაც გელა უძილაური ვერ ხსნის რატომ იმყოფებოდა იქ. მაგალითად, იმის ასახსნელად თუ რატომ იყო ჭავჭავაძის გამზირზე, თქვა, რომ იყო სვეტასთან შესახვედრად. დავუსვით შეკითხვა, როდესაც მკვლელობის დაგეგმვა ხდება, იმ პერიოდში რატომ იმყოფება დუშეთში, განმარტა, რომ სვეტასთან ერთად ჰქონდა ნაქირავები ბინა, ოღონდ ამ სვეტას არც გვარი ვიცით, არც ტელეფონის ნომერი, უბრალოდ ვიცით, რომ არის სვეტა. ეს არის მოგონილი ისტორია, რომ როგორმე თავი გაიმართლოს. როდესაც უჭირს ახსნას რიგი გარემოებები, საქმეში შემოდის სვეტა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძიალური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. აღნიშნული საქმის ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე მსჯავრდებულია სანდრო წივწივაძე, მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გიორგი კაჭკაჭაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, მამუკა ბაღდავაძეს კი ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა