არ ვიცი, რამდენ ფეხზე დადგნენ, მაგრამ ფაქტია, რომ “ევრობიუროკრატებს” ყველაფერზე თავი დაუხარეს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელმა დავით მჟავანაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ყულევის ნავთობ ტერმინალის ევროკავშირის სანქციების 20-ე პაკეტიდან ამოღების თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მჟავანაძემ აღნიშნა, როდესაც დასანქცირების საფრთხე გაჩნდა, „ქართულმა ოცნებამ“ ქმედებები შეცვალა, თუმცა მას აქამდეც არ უნდა დაეშვა „სანქციებისთვის გვერდის ავლა“.
“მე მაინტერესებს, ყულევის პორტი რომ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, განმუხურში მეორე ფრონტი გაიხსნა? როგორ ტყუილებსა და ურთიერთგამომრიცხავ რაღაცებს ამბობენ, თან ისიც ჩანს, როგორი მოწყვლადები არიან - როგორც კი იქ "სოკარს" დაჭირდა, აზერბაიჯანის ინტერესი იყო, აქ “ქართულ ოცნებას” დასანქცირების საფრთხე გაუჩნდა და ეგრევე ცალ ფეხზე დადგნენ, როგორც თავად ხშირად იყენებენ ამ ტერმინს. არ ვიცი, რამდენ ფეხზე დადგნენ, მაგრამ ფაქტია, რომ “ევრობიუროკრატებს” ყველაფერზე თავი დაუხარეს. ოღონდ ეს სწორიც იყო, აქამდეც ასე უნდა ექნათ, საქართველო ვერ იქნება შავი ხვრელი, სადაც რუსეთი სანქცირებულ პროდუქციას გაატარებს.
ხომ გამოჩნდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ და მეორე ფრონტი არ გაიხსნა. შეუერთდნენ და ახლა სანქციების გვერდის ავლა აღარ მოხდება, ამის გამო ომი დაიწყო? რამე დავკარგეთ ან რამე ვიზარალეთ? აქაც ჩანს, როგორი სპეკულაციურები არიან” , - განაცხადა მჟავანაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტში მიმდინარე დისკუსიას საქართველოს შესახებ არასერიოზულად უყურებს, თუმცა, მისი თქმით, მოვა დრო, როცა რეზოლუციებში დაწერილი რეალობად გადაიქცევა.
ევროპარლამენტში განხილვას და რეზოლუციას, რასაც მიიღებენ, არასერიოზულად უყურებენ თითქოს და ამას იმიტომ აკეთებენ ასეთი რიხიანი ხმით, რომ აქამდე ვიქტორ ორბანის, ფიცოსა და ვიღაცების იმედი ჰქონდათ. შევახსენებ ყველას, რომ ერთ თვეში უნგრეთში არის არჩევნები, რომელსაც უდიდესი ალბათობით ვიქტორ ორბანი აგებს და აღარ იარსებებს ევროკავშირში ის დამაბრკოლებელი გარემოება და ის დამაბრკოლებელი კაცი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებასაც შეაჩერებს და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სანქციებსაც შეაჩერებს. ბრიტანული სანქციები რომ იყო, ასეთი ბევრი იქნება ევროკავშირიდან. როგორც კი მოიხსნება ორბანის ფაქტორი და ეს აუცილებლად ასე იქნება, მერე ნახოს “ქართულმა ოცნებამ” ფურცელზე დაწერილი რეალობაში როგორ გარდაიქმნება”, - განაცხადა დავით მჟავანაძემ.