გიორგი შარაშიძე - საქართველო იყო ლიდერი რეგიონში და ყველა შემოგვყურებდა, დღეს კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია - ფაშინიანის განცხადება თან უნდა გაგიხარდეს, თან ცოტა გეწყინოს, რადგან შეიქმნა ვითარება, როდესაც სხვების დასაცავები გავხდით

ფაშინიანის განცხადება თან უნდა გაგიხარდეს და თან ცოტა უნდა გეწყინოს კიდეც, რადგან დღეს შეიქმნა ვითარება, როდესაც სხვების დასაცავები გავხდით, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

შარაშიძის თქმით, საქართველო ერთ დროს რეგიონში ყველაზე მოწინავე ქვეყანა იყო, დღეს კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია.

„დღეს ბაქოში სტუმრად იმყოფება ევროკომისიის პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და მას პრეზიდენტი ალიევი მასპინძლობს. ევროპარლამენტში უმაღლესი ტრიბუნიდან მნიშვნელოვან განაცხადს აკეთებს სომხეთის პრემიერი ფაშინიანი და ამ დროს, იმავე პარლამენტში განიხილება საკითხი საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ. საქართველო იყო ლიდერი რეგიონშიც, იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოშიც და ყველა ჩვენ შემოგვყურებდა, საქართველოს მიყვებოდა ყველა სხვა დანარჩენი პოტენციური კანდიდატი, დღეს კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია.

ფაშინიანის განცხადება თან უნდა გაგიხარდეს და თან ცოტა უნდა გეწყინოს კიდეც, რადგან დღეს შეიქმნა ვითარება, როდესაც სხვების დასაცავები გავხდით. თქვენ გგონიათ, ეს გზავნილი ევროპის მხარისკენ იყო მიმართული? მადლობა მას, რომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან როლს რეგიონში იმიტომ, რომ ცხადია, ის პრაგმატული პოლიტიკის მომხრეა და მნიშვნელოვანი ლიდერია რეგიონში“, - განაცხადა შარაშიძემ.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპისგან „მტრის ხატი“ შექმნა. შარაშიძე ასევე შეეხო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას და განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ პროპაგანდითა და ჰიბრიდული ომის წარმოებით ევროპისგან მტრის ხატი შექმნა. ამაზე საუბარიც კი უხერხულია, მაგრამ რეალურად, მტრის ხატი შექმნა ევროპისგან. ჩვენი ევროპელი, სტრატეგიული პარტნიორებისგან მტერი შექმნა და ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე, რეალური მტერი ვინც არის - რუსეთი, მასთან კოლაბორაციაში იმყოფება. ათას სისულელეს ავრცელებს და ჩვენს მოქალაქეებს ატყუებს ყოველდღიურად. 2024 წლის არჩევნებზეც კი მათი სლოგანი იყო ღირსებით ევროპისკენ და არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად მეორე დღესვე, ზურგი აქციეს ევროპას. ყველამ კარგად ნახა, რომ ამ ხალხის დაჯერება უბრალოდ აღარ შეიძლება.

უვიზო მიმოსვლის გაუქმება არის ყველაზე უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ევროკავშირმა მიიღოს. აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე და თუ მივა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ არავინ სხვა ამაზე პასუხისმგებელი არ და ვერ იქნება. მიუხედავად „ქართული ოცნების“ არაერთი დანაშაულისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ვგულისხმობ უვიზო რეჟიმის შეწყვეტას. ეს ერთი მხრივ, ეკონომიკურ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მაგრამ არანაკლები პრობლემა იქნება პოლიტიკური გზავნილის თვალსაზრისით, ეს ხომ ევროპასთან ასოცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამას ხომ დამსახურება უნდოდა.

სამწუხაროდ, ვიცით ჩვენ, რომ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან იყო მცდელობა, მათი პოლიტიკური მიზნებისთვის, მოწოდებებიც, რომ შეეწყვიტათ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი იმიტომ, რომ ამას მერე შესაძლოა მოჰყოლოდა პოლიტიკური სცენარის მათთვის სასურველი განვითარება და ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა