„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 150 რაკეტა ისროლა, „ინტეგრირებული ოპერაციის“ ფარგლებში რაკეტები გაუშვა ირანმაც

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, საერთო ჯამში, დაჯგუფებამ რამდენიმე საათის განმავლობაში ჩრდილოეთის მიმართულებით სულ მცირე 150 რაკეტა ისროლა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის მაცხოვრებლებს თავშესაფრებთან ახლოს დარჩენისკენ მოუწოდა. სირენები გალილეასა და ჰაიფაში, ასევე ლიბანის საზღვრიდან 50 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებებში ჩაირთო.

ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა ირანმაც. კერძოდ, ოთხშაბათს საღამოს ირანიდან ქვეყნის ცენტრალური რეგიონისკენ 100 რაკეტა გაისროლეს. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, მათ „ჰეზბოლასთან“ ერთად ისრაელის წინააღმდეგ „ერთობლივი და ინტეგრირებული ოპერაცია“ განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის სისტემებმა რაკეტები წარმატებით მოიგერია, თუმცა, რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა