თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით „მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია“, რის გამოც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას ინფორმაციით, მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რის გამოც მან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა.

როგორც ის აღნიშნავს, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლის ღირსების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს ვერ ექნება გავლენა მის პროფესიულ საქმიანობაზე.

„ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომელიც ეხება ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ცნობები არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას, დისკრედიტაცია გაუწიოს ჩემს რეპუტაციას. მიუხედავად თხოვნისა, გავრცელებული ცრუ ინფორმაცია არ შესწორებულა.

აღნიშნული გარემოებების გამო, უკვე მივმართე საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას, რათა დადგინდეს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. ამასთან, საქმის განხილვისას ტელეკომპანია “იმედს” და გადაცემის ავტორებს აქვთ შესაძლებლობა წარმოადგინონ მტკიცებულებები.

ცნობილი ფაქტია, რომ თვეების განმავლობაში, ჩემ მიმართ, უხეში ფორმებით მიმდინარეობს დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდების, დისკრედიტაციის, ცილისწამების და შეურაცხყოფის ორგანიზებული კამპანია. ზემოაღნიშნულმა კამპანიამ უკვე მიიღო იმგვარი პერმანენტული ხასიათი, რომ ჩემგან საპასუხო რეაგირებისგან თავშეკავება, საზოგადოების მხრიდან, შესაძლოა აღქმულ იქნეს გულგრილობად ფუნდამენტური უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მიმართ.

გამოვთქვამ მზადყოფნას, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, პასუხი გავცე ჩემს პროფესიულ და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას. მიმაჩნია, რომ სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების გათვალისწინებით, ჩემი მხრიდან, სამართლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე დუმილი დაუშვებელია. ვაცხადებ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მოსამართლის ღირსების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს ვერ ექნება გავლენა ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე. ჩემი საქმიანობა ყოველთვის ეფუძნება კანონს, სამართალს და მართლმსაჯულების პრინციპებს,” - აღნიშნავს ვლადიმერ ხუჭუა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა