ლევან ლორთქიფანიძე - ტრაგიკულია, როცა საქართველოს პრემიერის და უმაღლესი თანამდებობის პირების ნაცვლად, საქართველოს ევროპულ არჩევანს ევროპის პარლამენტში სომხეთის პრემიერი იცავს - ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაგვმართოდა

ტრაგიკულია, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და უმაღლესი თანამდებობის პირების ნაცვლად, საქართველოს ევროპულ არჩევანს ევროპის პარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი იცავს - ამაზე დიდი უბედურება რა უნდა დაგვმართოდა, როცა ჩვენს ნაცვლად სხვა ლაპარაკობს! - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში", მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.

ლორთქიფანიძემ „ტრაგიკული“ უწოდა ნიკოლ ფაშინიანის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა.

მისივე თქმით, პრემიერ ირაკლი კობახიძის მხრიდან იმაზე საუბარი, რომ თითქოს მზად არიან ევროკავშირთან დიალოგისთვის, არასერიოზულია და მხოლოდ ტყუილს ეფუძნება.

„ე.ი. ჯერ აგინებ, ლანძღავ, ამბობ, რომ ევროკავშირს სამი ოჯახი მართავს და ევროკავშირი არის იგივე საბჭოთა კავშირი. შხამს ანთხევენ ევროკავშირის მიმართულებით. წიხლი ჰკრეს მის ყველა შეთავაზებას. მეორე წუთს „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მზად არის ნებისმიერი დიალოგისთვის. ეს არის ცინიკური, არასერიოზული და ამას არავინ არ უნდა წამოეგოს.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადება კი არის არა ლოგიკური, არამედ ტრაგიკული. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყოველთვის ჩვენ ვიყავით ლიდერი. თბილისი კავკასიის დედაქალაქი იყო. სომხეთიც და აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალებიც თბილისის გავლით ამყარებდა კავშირს დასავლეთთან. დღეს ეს კონსტრუქცია თავდაყირა დგას. საქართველო, რომელიც რამდენიმე წლის წინ დასავლეთთან ურთიერთობებში ფლაგმანი იყო, დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის გავლით უწევს საკუთარი შეხედულებების დაცვა - ვგულისხმობ ხალხს, რადგან ეს ხელისუფლებას არ უნდა“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით გამართულ დებატებს, ლორთქიფანიძის შეფასებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა გაძლიერდება და სანქციები უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს.

„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მხოლოდ ძალის ეშინია და ანგარიშს ძალისმიერ მუქარას უწევს. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩვენი ხელისუფლებისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციები, განხილვები, ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა მეორეხარისხოვანია.

ევროპარლამენტში გამართული დებატები იმით გამოირჩეოდა, რომ ევროპარლამენტარებმა ორი მიმართულებით დაიწყეს საუბარი - ისინი ითხოვენ, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირის დანარჩენმა 25-მა სახელმწიფომ ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლების მიმართ სავიზო რეგულაციები თუ სხვა ტიპის სანქციები აამუშაოს. ასევე, საუბარი დაიწყო იმაზე, რომ საქართველოს შესახებ დამატებითი მისიები გამოიყოს, დამატებითი მსჯელობები დაიწყოს და ზეწოლა არამხოლოდ ევროპარლამენტის მხრიდან, არამედ ევროკავშირის სხვა სტრუქტურების მხრიდანაც გაძლიერდეს.

ზეწოლა ძლიერდება. ეს ზეწოლა არ იქნება მუქარისშემცველი და ძალისმიერი, მაგრამ ნელ-ნელა უფრო სერიოზული სანქციების სახეს მიიღებს. თქვენ ნახეთ, როგორ გაუჭირდათ მათ დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული სანქცია. მსგავსი ზომები ევროკავშირის 25-მა სახელმწიფომ რომ მიიღოს, ეს უკვე ხელისუფლების მიმართ სერიოზული სიგნალი იქნება და მათ რეაგირება მოუწევთ.

ევროკავშირის მექანიზმების არის რთული, ხანგრძლივი, მშვიდობიანი, მაგრამ მაინც ზეწოლის მექანიზმებია და ნელ-ნელა ზეწოლის ეს მექანიზმები საქართველოს ხელისუფლებას უახლოვდება.

„სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას“ ევროპელ სოციალ-დემოკრატებთან და სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციასთან ინტენსიური ურთიერთობები აქვს. შეხვედრების დროს მათ აქვთ კითხვა: - რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდეს? ერთ-ერთი მთავარი წინადადება, რომელიც ჩვენი მხრიდან მოდის, ასეთია: - დაანებეთ თავი საქართველოს მოქალაქეებს, სავიზო რეჟიმს მოქალაქეებს ნუ შეუწყვეტთ, მაგრამ სავიზო შეზღუდვები ამოქმედდეს არა მხოლოდ დიპლომატიურ პასპორტებზე, არამედ 500 ადამიანი გამოიყოს, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება, აძლიერებს და სავიზო სანქციები მათსა და მათი ოჯახის წევრებზე დაწესდეს, რათა ევროპაში საკუთარი ფუფუნებისთვის, გართობისთვის და კარგი ცხოვრებისთვის ვეღარ იარონ და იარონ სხვაგან - ჩინეთში, დუბაიში და ასე შემდეგ.

ნელ-ნელა ასეთი სანქციები ემურებათ განსაკუთრებული ელიტის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა