ირაკლი ჩხვირკვია გამომძიებელს - ბატონო გამომძიებელო, თქვენ თქვით, რომ ვიდეოში ამოიცანით ბრალდებულები, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია - ამ დარბაზში შეგიძლიათ ამოიცნოთ ირაკლი ჩხვირკვია?

ბატონო გამომძიებელო, თქვენ თქვით, რომ ვიდეოში ამოიცანით ბრალდებულები, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია. ამ დარბაზში შეგიძლიათ ამოიცნოთ ირაკლი ჩხვირკვია? თუ შეგიძლიათ მითხრათ, რომელია აქ ირაკლი ჩხვირკვია? - ამ შეკითხვით მიმართა ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკვიამ გამომძიებელ კონსტანტინე კერესელიძეს, რომელიც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მოწმის სახით იკითხება.

4 ოქტომბრის საქმეში კონსტანტინე კერესელიძე მთავარი გამომძიებელია.

„იცით, თუ არა რომ პოლიციელი, თუ ჯეროვნად არ შეასრულებს თავის უფლებამოსილებას, შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში. თქვენ თქვით, რომ ვიდეოში ამოიცანით ბრალდებულები, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია. ამ დარბაზში შეგიძლიათ ამოიცნოთ ირაკლი ჩხვირკვია? თუ შეგიძლიათ მითხრათ, რომელია აქ ირაკლი ჩხვირკვია?“ - მიმართა ჩხვირკვიამ გამომძიებელს.

თავის მხრივ, გამომძიებელმა ასე უპასუხა: „არის დარბაზში, ვიზუალურად სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით“.

ამ პასუხის მოსმენის შემდეგ, ბრალდებულმა ჩხვირკვიამ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს თხოვნით მიმართა - მოუწოდოს პროკურორ ვაჟა თოდუას, რომ ნუ კარნახობს მოწმეს. მოსამართლის განმარტებით, თუ მსგავსს ადგილი ექნება, შენიშვნას მისცემს პროკურორს.

ამის შემდგომ ირაკლი ჩხვირკვია კვლავ შეეცადა მოწმისთვის კითხვის დასმას და დადგენას, ცნობს თუ არა მას გამომძიებელი.

„ბატონო კონსტანტინე, თქვენ ბრძანეთ, თავისუფალი თხრობის რეჟიმში, რომ ამოვიცანი ირაკლი ჩხვირკვიაო, მოახდინეთ თუ არა ირაკლი ჩხვირკვიას ამოცნობა ვიდეოზე?

ბატონო მოსამართლევ, გულისყურით ვუსმენდი და კონკრეტულად დაასახელა რამდენიმე გვარი, მათ შორის ირაკლი ჩხვირკვია. თქვა, რომ ეს დავადგინე, ის დავადგინეო, ბურჭულაძე და ახსენა ჩხვირკვიას გვარი“, - განაცხადა ჩხვირკვიამ.

შეკითხვას, გამომძიებელმა კონსტანტინე კერესელიძემ ასე უპასუხა: „ჩემს მიერ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. კი, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ოღონდ ჩემს მიერ არა“.

„მე არ მითქვამს, რომ ჩემს მიერ მოხდა ჩხვირკვიას იდენტიფიცირება-მეთქი. ზეპირად არ მახსოვს, რომელი გამომძიებლის მიერ მოხდა ჩხვირკვიას იდენტიფიცირება“, - განაცხადა კონსტანტინე კერესელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა