ევროკავშირი არჩევანის წინაშე გვაყენებს, რომ ჩინეთთან არანაირი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, არ უნდა იყოს მზარდი ურთიერთობა, რაც არასწორია, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებსა და მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში შეტანილია ისეთი საკითხები, რომ ის „უკვე გულწრფელ ხასიათს კარგავს“ და პოლიტიკურ შეფერილობას ატარებს.
„პოლიტიკური შინაარსი აქვს იმ წინადადებას, როდესაც ევროკავშირი არჩევანის წინაშე გვაყენებს, რომ ჩინეთთან არანაირი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, არ უნდა იყოს მზარდი ურთიერთობა, რაც არასწორია გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. არჩევანის წინაშე დაყენება, რომ შენ ან ჩვენთან გექნება ურთიერთობა, ან აღარ გექნება იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთთან გააგრძელებ სავაჭრო ან პოლიტიკურ ურთიერთობებს - ეს არასწორია. ჩვენ ვაზროვნებთ იმ კატეგორიებში, რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და რომელი წესრიგიც უკვე აღარ არსებობს. აღარ არსებობს ამერიკა, როგორც ჰეგემონი, რომელიც აწესებდა წესებს და შემდეგ ახდენს ინტერპრეტაციას. თუ ჩვენ ამას თვალს არ გავუსწორებთ, ძალიან მიამიტურ ვითარებაში აღმოვჩნდებით და შევიზღუდავთ განვითარების შესაძლებლობებს.
რეზოლუციები ახლაც და ადრეც ატარებდა პოლიტიკურ შეფერილობას, თუმცა ამ რეზოლუციაში რიგ შემთხვევაში რაღაც სიმართლე წერია. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონმდებლობა როგორც გამკაცრდა, ეს რა თქმა უნდა, არასწორია და ეს მომავალში აუცილებლად საჭიროებს გადახედვას... მე ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩამოვაშორებდი ამ კონტექსტს, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი უსამართლოდ არის საპყრობილეში, ჩამოვაშორებდი ჩინეთის საკითხს, საერთოდ გამოვტოვებდი ამ ყველაფერს და დავტოვებდი იმას, სადაც სიმართლის მარცვალი შეიძლება ამოიკითხო. მაგრამ როდესაც რამდენიმე საკითხის კომბინაციას აკეთებ ერთ რეზოლუციაში, ეს რეზოლუცია უკვე გულწრფელ ხასიათს კარგავს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.