დასკვნა არის უპრეცედენტო, გაუგონარი სიმკაცრის და შეიძლება ითქვას, დაუნდობელი განაჩენია „ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რითაც „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „საბოლოოდ პოლიტიკურ კეთროვნებად იქცნენ დემოკრატიული სამყაროსთვის“.
„უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. როცა ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები გაფრთხილებდნენ წლების განმავლობაში, რომ გაჩერდი, არ ქნა, არ ჩაიდინო, არ წახვიდე მოლიპული გზით, ქვეყანას უკუნში აგდებ, არ შეისმინეს, ვერც შეისმენდნენ და რა თქმა უნდა, დასკვნამ მიიღო ასეთი უპრეცედენტო ხასიათი. რამეს იზამს „ოცნება“ ამის შემდეგ? მესმის, რომ ახლა ზოგიერთს შეიძლება გულის წვეთები დასჭირდეს, მაგრამ როცა ხარ გაბოროტებული, გავეშებული, გონებადაბინდული, შენ აღარ ძალგიძს, რომ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება. გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ თქვა: ხალხო, იქნებ კმარა, რასაც ჩავდივარ, იქნებ სადღაც გავჩერდე. იქნებ დავიწყო მოლაპარაკება, საუბარი საზოგადოებასთან და მის წარმომადგენლებთან, რომელსაც ახლა ვაუქმებ, ვატერორებ, ვაშანტაჟებ, ციხეში ვუშვებ. ესენი ამას ვერ შეძლებენ.
ერთი იცოდეთ, ეუთო-ს დასკვნა იცით რას ნიშნავს? ამ უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წევრი ქვეყნები, უნგრეთი არა, მიიღებენ კონკრეტულ ზომებს. ბრიტანეთმა ხომ დაასანქცირა, ვინც დაასანქცირა და მონაგონი იქნება. ივანიშვილს კარზე მიუკაკუნებს სანქციები და სხვა რამ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, ეუთო-ს დასკვნა ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ წითელი ბარათი უჩვენა.
„ჩვენ ეუთო-ს დასკვნის გარეშეც შესანიშნავად ვიცოდით, რა კოშმართან გვქონდა და გვაქვს საქმე, უბრალოდ ეუთო-ს დასკვნა ნათელი დასტურია იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყვითელი ბარათი ჩაიდო ჯიბეში და ამოიღო რამდენიმე წითელი ბარათი ერთდროულად. ამის შემდეგ სხვა შეფერილობის ბარათი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჰააგის სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო და სხვა სადამსჯელო ინსტიტუციები, რომლებიც, იცოდეთ, შესაბამის ვერდიქტს გამოიტანენ იმის გამო, რაც რუსულმა რეჟიმმა ჩაიდინა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.