თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ორი მოწმე - ოპერატიული მუშაკი ჰყავს წარმოდგენილი.

სხდომას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრება.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ედავებიან, რომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდება განახორციელა.

ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

მურთაზ ზოდელავას კი ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება.

მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა