4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზაქარია ალბუთაშვილი - მე არანაირი დანაშაული არ მაქვს, მაგრამ განსასჯელის სკამზე ვარ - ბრალი რაში მიგვიძღვის, გვიპასუხეთ

მე არანაირი დანაშაული არ მაქვს, მაგრამ განსასჯელის სკამზე ვარ. ბრალი რაში მიგვიძღვის, გვიპასუხეთ, - ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზაქარია ალბუთაშვილმა პროკურორს და პროკურატურის მოწმეს, სდდს-ს თანამშრომელს, გიორგი თათარაშვილს.

ზაქარია ალბუთაშვილმა გდდს-ს თანამშრომელს, რომელიც დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა, ჰკითხა: გააჩნია თუ არა დარბაზში მყოფი ბრალდებულების მიმართ პრეტენზია.

აღნიშნულ შეკითხვას გიორგი თათარაშვილმა ასე უპასუხა: „თქვენს მიმართ არ გამაჩნია არანაირი პრეტენზია“.

თავის მხრივ, ბრალდებულის თქმით, მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

„რა თქმა უნდა, ამ შეკითხვაზე, პასუხი არ იქნება.

მე არანაირი დანაშაული არ მაქვს, მაგრამ განსასჯელის სკამზე ვარ. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია და ჩვენ აქ რა გვინდა? ბრალი რაში მიგვიძღვის გვიპასუხეთ, რაში გვდებენ ბრალს, გვითხარით. თუ ჩვენ არანაირი დანაშაული არ მიგვიძღვის, თუ არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, გთხოვთ, გვითხარით, რისთვის ვსხედვართ?“ - განაცხადა ზაქარია ალბუთაშვილმა.

ბრალდებულს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უპასუხა.

„მე ვიმსჯელებ განაჩენში, არის თუ არა დანაშაული. ახლა დაბრძანდით!“ - მიმართა ბრალდებულს გელაშვილმა.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და ია დარახველიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა