არ ვიცი და არ მინდა შევიდე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. არ მაქვს ინტერესი, ვინ იქნება ხელმძღვანელი, ვინ რა პოზიციას დაიკავებს. ეს არის მოღალატეების პარტია, რადიკალების დაჯგუფება, რომელიც ყოველთვის ქვეყნის წინააღმდეგ მიდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ და გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, „თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობიდან ხსნიან".
რაც შეეხება „ოპოზიციის ალიანსს“, კახა კალაძის შეფასებით, „რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ, ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა პრობლემას არ წარმოადგენს“.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად და რომელი სახელით იქნება. ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან, პატრონი ჰყავთ და გარედან იღებენ დავალებას, ქვეყნის განვითარების ინტერესი არ აქვთ, ან გადადგან ისეთი ნაბიჯი, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ქვეყნის წინააღმდეგ წასვლაც მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონის“ მიღების შემდეგ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, ჩეხეთში დაარეგისტრირა.
„თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, დასამალი აქვს. თუ არასამთავრობო ორგანიზაცია გაქვს და ემსახურები ქართულ საქმეს, ქართულ საქმეს აკეთებ, დასამალი რა არის? საამაყო უნდა იყოს და აფიშირება უნდა გააკეთო.
ყველზე დიდი უბედურებაა, რომ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები ვითომ ქართულ საქმეს რომ აკეთებენ, რეალურად კი ფულს იღებენ როგორ უმტრონ ქვეყანას და ქართველ ხალხს. ფულს იღებენ, თუ როგორ წავიდნენ ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა კალაძემ.