საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს - ხვითს, თვაურებსა და ბოჟამს სტუმრობდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და პირადად გაეცნო მათ პრობლემებს.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველთან მოსახლეობამ სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებებზე ისაუბრეს, აღნიშნეს, რომ სოფლების ნაწილში არ აქვთ ამბულატორია და აფთიაქი.
მათივე ინფორმაციით, მოსაწესრიგებელია შიდა გზები, სასმელი და სარწყავი სისტემები, სოფელ ბოჟამში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არაა სპორტული მოედანი.
„მთავარ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ახალგაზრდების მიგრაცია, რაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ტერიტორიების დაცლის საფრთხეს იწვევს, ეს სოფლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში, ამდენად აუცილებელია ხელისუფლების მხარდაჭერა, რომ მოსახლეობამ, განსაკუთრებით, ახალგაზრდებმა აქ გააგრძელონ ცხოვრება, ჰქონდეთ საჭირო ინფრასტრუქტურა, საკმარისი რესურსი და სოფლად ცხოვრების ინტერესი“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მაცხოვრებელთა მდგომარეობაზე სახალხო დამცველი ყოველწლიურად ამახვილებს ყურადღებას, მათი წინაშე მდგარი არაერთი გამოწვევის გადაჭრის მიზნით რეკომენდაციებით მიმართავს შესაბამის უწყებებს და ასახავს საპარლამენტო ანგარიშებში.