თოდუას კლინიკის რადიოლოგთა მოხსენებები და პოსტერები ვენაში, ევროპის რადიოლოგთა კონგრესზე საუკეთესო ნაშრომებს შორის დასახელდა

ევროპის რადიოლოგიის კონგრესი (European Congress of Radiology) რეგიონის ყველაზე მასშტაბური სამედიცინო ფორუმია, სადაც წელს, მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნიდან 20 000-ზე მეტი სპეციალისტი შეიკრიბა. 4-დღიანი ღონისძიების მთავარი მიზანი ახალი დიაგნოსტიკური კვლევების, ტექნოლოგიებისა და კლინიკური გამოცდილების გაზიარება იყო.

სესიებზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები განიხილეს, როგორიცაა - ონკოლოგიური დიაგნოსტიკა, ნეირორადიოლოგია, გულ-სისხლძარღვთა გამოსახულებითი კვლევები და ახალი ტექნოლოგიური პლატფორმები.

„თოდუას კლინიკის“ რადიოლოგები უკვე წლებია ფორუმის აქტიურ მონაწილეთა შორის არიან. სწორედ „თოდუას კლინიკა“ იყო პირველი აღმოსავლეთ ევროპიდან, რომელიც აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ინიციატივითა და დამსახურებით, ჯერ კიდევ 1995 წელს, ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი გახდა.

მას შემდეგ კლინიკის სამედიცინო გუნდი სამეცნიერო ნაშრომებს ევრიპის რადიოლოგთა კონგრესზე ყოველწლიურად წარადგენს. წელს კონგრესის ფარგლებში პოსტერები და მოხსენებები იმ სივრცეში იყო ხელმისაწვდომი , რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო რადიოლოგთა თავშეყრის ეპიცენტრად იქცა.

2026 წლის კონგრესზე მისი არსებობის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის — 11,376 სამეცნიერო აბსტრაქტი დამუშავდა. მათ შორის იყო „თოდუას კლინიკის“ ექიმების — სალომე კუკავას, ანა დუმბაძის, ნინა ანანიადუსა და ნინი ნიქაბაძის ნამუშევრებიც.

„თოდუას კლინიკის“ რადიოლოგმა ანა დუმბაძემ Bracco-ს კლინიკურ გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვა, საპატიო გრანტი მიიღო და ფორუმზე პანკრეასის სიმსივნეების დიაგნოსტიკის შესახებ სამეცნიერო პოსტერიც წარადგინა.

„ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის კონგრესში ჩართული როგორც მონაწილე ვიყავი და აქტიურად ვესწრებოდი ლექციებს. ასევე წარვადგინე პოსტერი თემით პანკრეასის ფსევდოპაპილარულ სიმსივნეზე (Solid Pseudopapillary Tumor of the Pancreas: A Distinct Entity Worth Recognizing). ამასთანავე აპლიკაციის საფუძველზე გავიმარჯვე Bracco-ს კლინიკურ გაცვლით პროგრამაში (fellowship), მივიღე გრანტი, რომელიც უზრუნველყოფილია ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის მიერ. მივიღე მონაწილეობა დაჯილდოების ცერემონიაში, რაც ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის.

პოსტერი მომზადდა ჩემს ხელმძღვანელთან, ექიმ მარიამ ქუთათელაძესთან ერთად. ეს თემა შევარჩიეთ იმიტომ, რომ პანკრეასის ფსევდოპაპილარული სიმსივნის ამოცნობაში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი რადიოლოგიური ასპექტი, რომელთა ცოდნაც დიაგნოსტიკაში დიდ როლს თამაშობს. პოსტერის მიზანი იყო სწორედ ამ ნიშნებზე ყურადღების გამახვილება და მათი ცნობადობის გაზრდა. თემის არჩევა ასევე განაპირობა ბოლო პერიოდში ჩვენს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევების შედარებით სიხშირემ - მიუხედავად სიმსივნის ვარიაბელური გამოსახულებითი მახასიათებლებისა, რადიოლოგიური ნიშნების გათვალისწინებით ჩვენი წინასწარი დიაგნოზი ყველა შემთხვევაში დაემთხვა ბიოფსიის შედეგს.

ბოლო წლების განმავლობაში ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის კონგრესში რეგულარული მონაწილეობა ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც დადებითად აისახება ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაზე. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ფორუმზე წარმოდგენილია რადიოლოგიის სფეროში უახლესი კვლევები, ტექნოლოგიები და კლინიკური გამოცდილება, რაც ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და თანამედროვე მიდგომების უკეთ გაცნობას.- განაცხადა ანა დუმბაძემ.

ექიმი ნინი ნიქაბაძე ფორუმზე წარდგენილი თემისა და მოხსენების შესახებ საუბრობს, - „ევროპის რადიოლოგთა 2026 წლის კონგრესზე საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარვადგინე პოსტერი და მოხსენება თემაზე - თავის ტვინის სითხური კომპარტმენტებს შორის დინამიკურ ურთიერთქმედების, კერძოდ პარკუჭოვანი სისტემის კონფიგურაციის გავლენის ფუნქციურ თავისებურებებზე“.

აღსანიშნავია, რომ „თოდუას კლინიკის“ ექიმების მოხსენება 12 000 აბსტრაქტს შორის შეირჩა და 500 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა, რის საფუძველზეც, ექიმს ნაშრომის აუდიტორიის წინაშე წარდგენის საშუალება მიეცა. როგორც ნინი ნიქაბაძე აღნიშნავს, - „ეს ყოველივე შესაძლებელი გახდა „თოდუას კლინიკის“ მუდმივი და უპირობო გვერდით დგომით და კონგრესის ფარგლებში არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის გრანტით“.

პრეზენტაციის თემაზე მუშაობა პროფესორ მერაბ ბერაიას ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. მოხსენებამ დინამიკური ურთიერთქმედება თავის ტვინის სითხურ კომპარტმენტებს შორის ახალი კუთხით გააანალიზა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით კი განისაზღვრა პერივასკულური გამტარების და ქოროდული წნულების მნიშვნელობა, ინტრაკრანიული წნევის რეგულაციაში პარკუჭების კედლის გასწვრივ სითხის მიმოცვლაში ჩართულობის გზით. ასევე, თუ როგორ გამოვლინდება აღნიშნული ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის ცვლილებები მრტ-ვიზუალიზირებად მაჩვენებლებად.

„აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა სამედიცინო სფეროში პარკუჭოვანი სისტემის ანატომიისა და მისი ფუნქციური მახასიათებლების ტრადიციული გაგების გადააზრების თანამედროვე ტენდენციებს ეხმიანება , რაც ხსნის და ტოვებს სივრცეს სამეცნიერო ცოდნის გაძლიერებისთვის. შესაბამისად, მოხსენება სამედიცინო და სამეცნიერო რეფლექსიის ახალი არეალების გამოჩენასაც უწყობს ხელს, რაც ჩემთვის კვლევის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. ღონისძიებაში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა იმისათვის, რომ წარმოვადგინო ჩემს კლინიკურ საქმიანობაში დაგროვებული გამოცდილება და პრაქტიკაში დავამკვიდრო ევროპის წამყვან სამედიცინო სივრცეში არსებული თანამედროვე მიდგომები”, - განმარტა „თოდუას კლინიკის“ ექიმმა ნინი ნიქაბაძემ.

სალომე კუკავა-რადიოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, - „2026 წლის ევროპის რადიოლოგთა კონგრესზე ჩვენი საგანმანათლებლო ელექტრონული პოსტერი იყო წარმოდგენილი, სათაურით: მკურნალობაზე პასუხის შეფასება ლიმფომების დროს. ლიმფომები წარმოადგენს ავთვისებიანი ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების დიდ ჯგუფს, რომლებიც განსხვავებული მიმდინარეობით და პროგნოზით ხასიათდება. შესაბამისად, მკურნალობის ტაქტიკაც განსხვავებულია. რადიოლოგიური კვლევები, მათ შორის, ჰიბრიდული დიაგნოსტიკის მეთოდი პეტ/კტ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დაავადების სწორი დიაგნოსტიკის და სტადირებითვის, არამედ მკურნალობაზე პასუხის ადრეული შეფასებისთვის, რაც ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში. ლიმფომების სხვადასხვა ფორმის დროს გამოიყენება მკურნალობაზე პასუხის შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმი. ჩვენი მიზანი იყო, შეგვეფასებინა მათი ეფექტურობა და სიზუსტე, დადებითი და უარყოფითი მხარეები და საბოლოოდ, მათი როლი დაავადების მართვაში. მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა, მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება, რადიოლოგიის თანამედროვე მიღწევების და სიახლეების გაცნობა მნიშვნელოვანია, არამარტო თითოეული რადიოლოგის პროფესიული წინსვლის, არამედ ქვეყანაში დარგის განვითარებისთვისაც“, - აღნიშნა სალომე კუკავამ.

ნინა ანანიადუ - რადიოლოგი - „რამდენიმე წლიანი პრაქტიკული დაკვირვებისა და კვლევის შემდეგ გადავწყვიტე თემად ჰაშიმოტოს დაავადებების თირეოიდიტის დროს დოპლერული მახასიათებლების განსაზღვრა ამომერჩია, რომელიც ერთ-ერთი აქტუალური თემაა. ასე შეიქმნა პოსტერი ევროპის რადიოლოგთა კონგრესისთვის. ეს კონგრესი ჩემთვის და ალბათ ყველა რადიოლოგოსთვის ამ დარგში საუკეთესო და უკონკურენტო პლატფორმას წარმოადგენს. იქ ყოფნამ მომცა მეტი სტიმული, მომავალში განვაგრძო ფოკუსირება და ულტრაბგერით დარგში კვლევები. ასევე, დავნერგო ჩემს ყოველდღიურ საექიმო საქმიანობაში ის პრაქტიკა, რომელსაც ადგილზე გავეცანი. ევროპის რადიოლოგთა კონგრესზე დასწრება იძლევა შესაძლებლობას, გაეცნო მრავალ ტექნიკურ სიახლეს და კონტაქტი დაამყარო ევროპის წამყვან რადიოლოგებთან, რასაც ვფიქრობ დადებითი გავლენა ექნება ჩემს საქმიანობაზე”, - განმარტა მან.

ფორუმის მიმდინარეობისას სამეცნიერო სესიებს, სამუშაო შეხვედრებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელზეც უახლეს კვლევებსა და ტექნოლოგიებს ეცნობოდნენ, „თოდუას კლინიკის“ ათამდე წარმომადგენელი დაესწრო.

წელსაც, კონგრესის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება რადიოლოგიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იყო. სპეციალისტებმა განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ალგორითმები და თანამედროვე მონაცემთა ანალიზის მეთოდები მედიკოსებს გამოსახულებითი კვლევების უფრო სწრაფ და ზუსტ ინტერპრეტაციაში დაეხმაროს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიდი მონაცემების გამოყენებას, პერსონალიზებულ მედიცინას და იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც მომავალში დიაგნოსტიკის პროცესს კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.

ევროპის რადიოლოგთა კონგრესს თითქმის 60-წლიანი ისტორია აქვს. ღონისძიება პირველად 1967 წელს ბარსელონაში გაიმართა და დღეს დიაგნოსტიკური გამოსახულების სფეროში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გავლენიან სამეცნიერო ფორუმად მიიჩნევა.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა