შესაფუთი მასალების ფასი უპრეცედენტოდ გაიზარდა - როგორ აისახება ეს კვების ინდუსტრიაზე

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობთან დაკავშირებული ნედლეულის ფასის ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ პოლიმერული მასალების ღირებულება, რომლებიც საკვები პროდუქტების შეფუთვის წარმოებაში გამოიყენება. შესაბამისად, საკვები პროდუქტების შეფუთვის ინდუსტრია გლობალური ეკონომიკური პრობლემების პირდაპირ გავლენას განიცდის.

უფრო დეტალურად, შეფუთვის ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება პოლიეთილენის და პოლიპროპილენის შესაფუთი მასალები, რომლებიც ნავთობქიმიური ინდუსტრიის პროდუქტებია და მათი წარმოება ნავთობზე დამზადებულ პოლიმერებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება პირდაპირ აისახება ამ მასალების თვითღირებულებასა და მომწოდებლების ფასებზე.

ბოლო პერიოდში გლობალურ ბაზრებზე დაფიქსირებულმა ცვლილებებმა, მათ შორის მიმდინარე გეოპოლიტიკურმა პროცესებმა და სამხედრო კონფლიქტებმა, გავლენა მოახდინა ნავთობქიმიური ნედლეულის ბაზარზეც. შედეგად, პოლიმერული მასალების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა.

ინდუსტრიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მსგავსი მასშტაბის ფასების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად უპრეცედენტოა. მათი შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირებული ცვლილებების სისწრაფე და მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება იმ ტენდენციებს, რომლებიც შეფუთვის სექტორში წინა წლებში შეინიშნებოდა.

მიმდინარე წლის მარტიდან აღნიშნული ტენდენცია უკვე აისახა მომწოდებლებზე და გაზარდა იმ მასალების შესყიდვის ღირებულება, რომლებიც გამოიყენება საკვები პროდუქტების შეფუთვების წარმოებაში. ეს პროცესები გავლენას ახდენს მიწოდების მთელ ჯაჭვზე - ნედლეულის მწარმოებლიდან საბოლოო პროდუქტის შეფუთვამდე.

ინდუსტრიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ფასების ზრდასთან ერთად, მომწოდებლები უკვე აქტიურად საუბრობენ გარკვეული ტიპის პოლიმერული ნედლეულის შესაძლო დეფიციტზეც. ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა, ლოგისტიკური შეფერხებები და წარმოების შემცირებული მოცულობები ქმნის რისკს, რომ შესაძლოა, გარკვეული მასალები დროულად ხელმისაწვდომი აღარ იყოს ან მათი მიწოდების ვადები მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

ექსპერტების შეფასებით, თუ ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია გაგრძელდება, შესაძლოა ამან გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ შეფუთვის ინდუსტრიაზე, არამედ მთლიანად საკვები პროდუქტების წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა