ირაკლი კობახიძე - „მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში სიცრუითაა გაჯერებული - თავიდან ბოლომდე არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი პროცესი, რომელიც წამოიწყეს, საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთო-ს მასშტაბით

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი, რეალურად პროცესი იყო ინიცირებული, მათ შორის პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან და გაირკვა, რომ ექსპერტი თავად ყოფილა პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი.

„ეს იყო პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. ის ფაქტი, რომ ინტერესთა კონფლიქტი დამალა ამ კონკრეტულმა ადამიანმა, ეჭვებს აღრმავებს. ყველამ ვიცით, რომ წინასწარ იყო დაწერილი ის დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა. საბოლოო ჯამში, ყველა ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე სიცრუით არის გაჯერებული ეს დასკვნა, რაზეც საზოგადოებას კიდევ უფრო ფართოდ წარვუდგენთ ინფორმაციას. ჩვენ, პირველ რიგში, ვამხელთ ყველა იმ სიცრუეს, რომელიც არის ასახული ამ დასკვნაში, ასევე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ დასკვნაში არის წარმოდგენილი კონკრეტული ინფორმაცია და რეკომენდაციები, რომლებიც შეესაბამება სინამდვილეს და რომელთა გათვალისწინებაც არის აუცილებელი. ასეთი ჩანაწერებიც არის ამ დასკვნაში. ამაზე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ ალბათ სპეციალურ ბრიფინგსაც მივუძღვნით ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის ქონა ამ საკითხზე. არის საკითხები, რაზეც ჩვენ გვჭირდება ყურადღების გამახვილება, თუმცა მთლიანობაში ეს დასკვნა არის სიცრუით გაჯერებული.

მთლიანად პოლიტიკურია საფუძველი, სარჩული ამ პროცესების უკან. იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ თავში ამ პროცესის ინიციატორები, შემდეგ როგორ გაგრძელდა ეს პროცესები. თავიდან ბოლომდე არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ის პროცესი, რომელიც წამოიწყეს. საქართველოზე მეტად არადემოკრატიული ქვეყანა ვერ ნახეს ეუთოს მასშტაბით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

„ორმაგი სტანდარტი არის ძალიან თვალსაჩინო და სამარცხვინო. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უმძიმეს პროცესებს, რომლებიც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოში ბოლო დროს მიღებულ კანონებს და ამ მიმართულებით ანგარიშში გაცემულ რეკომენდაციას, კობახიძის თქმით, „საქართველოში არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს იმ გაგებით, რა გაგებითაც კონკრეტული პირები საუბრობენ“.

„საქართველოში არცერთი რეპრესიული კანონი არ მოქმედებს იმ გაგებით, რა გაგებითაც კონკრეტული პირები საუბრობენ. ყველა კანონი ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება და ყველა კანონი პროპორციულია. მზად ვართ, რომ სათითაოდ განვიხილოთ ნებისმიერი კანონი, რომლებზეც ეს ადამიანები საუბრობენ. ყველა კანონი ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება და პროპორციულობის პრინციპს ეფუძნება.

მათ არ მოსწონთ „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც თავიდან ბოლომდე ლეგიტიმურ მიზანთან და თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისობაშია. მათ არ მოსწონთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი.

პირდაპირ უწერია ამ ქალბატონს თავის დასკვნაში, რომ თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ბათუმის იუსტიციის სახლში და ჩაეწეროთ კაცად. ეს უწერია ამ ქალბატონს პირდაპირ. ეს ქალბატონი გვაძალებს ერთ რამეს, ვინმეს თუ მოუნდება, თქვენ თუ მოგინდებათ იუსტიციის სახლში მისვლა და გადაწერა კაცად, ჩვენ ამის უფლება უნდა მოგცეთ. ამას გვაძალებს ეს ქალბატონი. არანორმალურია ეს ყველაფერი. ეს ქალბატონი გვაიძულებს, რომ ჩვენ ქალები გადავწეროთ კაცებად და კაცები ქალებად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა