განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმისა და შემუშავებული კონცეფციის ანალიზის საფუძველზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესოსრებმა რისკებისა და საფრთხეების შესახებ 14 კონტრარგუმენტი მოამზადეს და ასევე რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავეს.
შესაბამისი დოკუმენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა საზოგადოებას დღეს წარუდგინეს.
„კონტრარგუმენტი 1: რეფორმის შემუშავების პროცესი არ შეესაბამება რეფორმის დაგეგმვა-განხორციელების საბაზო სტანდარტებს:
რეფორმა მიმდინარეობს სტრატეგიის გარეშე, სადაც იქნება ფორმულირებული რეფორმის ხედვა, ფასეულობები, საკვანძო პრინციპები, და ასევე - კონკრეტული ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები; რეფორმა დაიწყო სტრატეგიის შესაბამისი სამოქმედო გეგმის გარეშე, სადაც გაწერილი იქნებოდა თითოეული ამოცანის მიღწევის გაზომვადი ინდიკატორები; ის მიმდინარეობს მკაფიოდ განსაზღვრული ბიუჯეტის გარეშე და მისი შემუშავების პროცესი არ იყო მონაწილეობითი და გამჭვირვალე და დაინტერესებულ სუბიექტებთან მისი განხილვა ხდება მისი განხორციელების დაწყების შემდგომ.
კონტრარგუმენტი 2: მიმდინარე რეფორმის შედეგად საქართველოში იზღუდება უმაღლესი განათლების უფლება: საქართველოში დღეისათვის არსებული სტუდენტების რაოდენობა შეესაბამება ევროპის საშუალო მაჩვენებელს (78% მოსახლეობის შესაბამის კოჰორტასთან მიმართებით; ანალოგიური მაჩვენებელი ბულგარეთში, შვედეთსა და ბელგიაში არის 84%, დიდ ბრიტანეთში 80% და ა.შ.) უმაღლესი განათლებისთვის ხელმისაწვდომი ადგილების ორჯერ შემცირება, როგორც გაცხადებულია რეფორმის ავტორების მიერ, გამოიწვევს განათლების უფლების შეზღუდვას, ამ პროცენტის ვარდნას და რუსეთთან დაახლოებას (იქ ანალოგიური მაჩვენებელია 54%).
კონტრარგუმენტი 3: სასწავლო ადგილების კვოტირება მხოლოდ ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით მცდარი მიდგომაა: უმაღლესი განათლების დაგეგმვისას, ბაზრის გარდა, უნდა გათვალისწინებულ იქნას შემდეგი: ქვეყნის ეროვნული და სტრატეგიული ინტერესები, სტუდენტების ინტერესები და არჩევანი, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიანი პერსპექტივა, უნივერსიტეტების პროფილი, ტრადიცია, ინფრასტრუქტურული და აკადემიური შესაძლებლობები. ეს ყველაფერი ამჟამად სრულად უგულებელყოფილია.
კონტრარგუმენტი 4: რეფორმა ქმნის ევროპული საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცისგან დაცილების მაღალ რისკს: 11-წლიანი სკოლა და 3 + 1 პრინციპის უნიფიცირებული გამოყენება, დარგების მიმართ დივერსიფიცირებული მიდგომის გარეშე, უნივერსიტეტებში გამოიწვევს აკადემიური განათლების ხარისხის მკვეთრ დაცემას, მთელ რიგი კვალიფიკაციების გაუქმებას, ადგილობრივი განათლების შეუთავსებლობას ევროპის საგანმანათლებლო სისტემასთან.
კონტრარგუმენტი 5: რეფორმა შეუთავსებელია აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპებთან. მთავრობა ართმევს უნივერსიტეტებს უფლებას თავად განსაზღვრონ, ან მონაწილეობა მიიღონ აკადემიური პროგრამებისა და მათი ხანგრძლივობის, სწავლების მიმართულებების, სტუდენტთა მისაღები კვოტების განსაზღვრაში ამა თუ იმ მიმართულებისა თუ პროგრამისთვის. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება აკადემიური თვითმმართველობის პრინციპს და ანაცვლებს აკადემიურ თავისუფლებას ადმინისტრაციული მითითებებით, რაც გამოიწვევს ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების ხარისხის დაცემას.
კონტრარგუმენტი 6: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი პრინციპი შეუთავსებელია აკადემიურ თავისუფლებასთან და ავტონომიურობისა და მრავალფეროვნების პრინციპებთან. კონცენტრაცია-დეკონცენტრაციის პრინციპი სპობს ჯანსაღ კონკურენციას უნივერსიტეტებს შორის, რაც ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია, ეს სპობს მობილობის შესაძლებლობებს და შესაბამისად, უზღუდავს სტუდენტებს არჩევანის თავისუფლებას. ეს მოიცავს ინსტიტუციური მონოპოლიისა და კორუფციის რისკს. ეს ქმნის გეოგრაფიულ უთანასწორობას ფინანსური თვალსაზრისით.
კონტრარგუმენტი 7: პროფესორთა დარგობრივი პირამიდული იერარქია ახშობს მეცნიერების განვითარებას და ხარისხიანი სწავლების შესაძლებლობას. პროფესორთა „პირამიდები“ ზღუდავს კვლევისა და სწავლების მეთოდების მრავალფეროვნებას, რაც არ შეუწყობს ხელს კრიტიკული სამეცნიერო აზროვნების განვითარებას, ეს აბრკოლებს ახალგაზრდა მეცნიერთა კარიერული ზრდის შესაძლებლობებს, ქმნის ახალი კვლევითი ინიციატივების დახშობისა და ზოგადად, კორუფციის მაღალ რისკს.
კონტრარგუმენტი 8: უცხოელი სტუდენტები მცდარად განიხილება როგორც „ბიზნესი“. რეფორმის ავტორები უცხოელი სტუდენტების სწავლებას უყურებენ როგორც ბიზნესს და არა როგორც საუნივერსიტეტო სივრცეშია მიღებული. ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია არის უნივერსიტეტში მრავალფეროვნების წახალისების, უნივერსიტეტის ხილვადობის, ციტირების გაზრდის წინაპირობა; ეს უნივერსიტეტის მიერ სოციალური კაპიტალის დაგროვების საერთაშორისოდ აღიარებული გზაა. ევროპის უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 8-დან 10%-მდეა. საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში არ უნდა იყოს ამ ნიშნულზე ნაკლები, ეს უნივერსიტეტების განვითარებას შეაფერხებს.
კონტრარგუმენტი 9: თუ საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის ამაღლებაა დაგეგმილი, გაუგებარია, რატომ ახორციელებენ ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი უნივერსიტეტის პროგრამების 92%-ის გაუქმებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა „თაიმსისა“ და Nature Index-ის უაღრესად სანდო რეიტინგების სისტემაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის უნივერსიტეტებს შორის. ამგვარი მასშტაბური წარმატების ფონზე, გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული პროგრამების 92%-ის გაუქმებამ. ეს გამოიწვევს რესურსების გაფლანგვას.
კონტრარგუმენტი 10: კვლევისა და სწავლების ინტეგრაციას ვერ მივაღწევთ იმ ნაბიჯებით, რაც დაგეგმილი აქვთ რეფორმის ავტორებს. საქართველოში არსებობს 19 სახელმწიფო და 45 კერძო უნივერსიტეტი. ამავე დროს, მთელ რიგ დარგებში, ძალიან სოლიდურ სკოპუსის ბაზაში უკანასკნელი 10 წლის მონაცემების თანახმად, სამეცნიერო პუბლიკაციების თვალსაზრისით, ქვეყანაში ლიდერობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგ., ილიაუნის ეკუთვნის პუბლიკაციების შემდეგი პროცენტი შემდეგ დარგებში: 50% - მეურნეობისა და ბიოლოგიურ მეცნიერებებში; 80% – მეტყევეობაში; 77% – ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში; 73% – ზოოლოგიაში; 67% – ეკოლოგიაში; 66% – განვითარების ფსიქოლოგიაში; 52% – ეთნიკურ კვლევებში; 49% – კლინიკურ ფსიქოლოგიაში; 40% – მულტიდისციპლინურ ფსიქოლოგიაში; 40% – ინტერდისციპლინურ სოციალურ მეცნიერებებში; 37% – ზოგად შინაგან მედიცინაში; 22% – სოციალურ ფსიქოლოგიაში; 22% – ფსიქიატრიაში. ამ ფონზე, გაუგებარია, როგორ შეიძლება გააძლიეროს ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც კვლევისა და სწავლების ბაზის, 92%-ით გაუქმებამ.
კონტრარგუმენტი 11: ადგილი აქვს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების 90%-ით გაუქმება წარმოადგენს დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით ამ უნივერსიტეტის წარმატების ფონზე, რომელიც საერთაშორისოდ არის აღიარებული, როგორც კვლევაში, ასევე სწავლებაში; შეინიშნება, ასევე, უნიკალური პროგრამების დახურვა სხვა უნივერსიტეტებშიც და ზოგიერთ უნივერსიტეტში კი ისეთი პროგრამების გადატანა, რომელშიც მათ არა აქვთ შესაბამისი გამოცდილება და არ ჰყავთ ადამიანური რესურსები. ყოველივე ეს გამოიწვევს სწავლა-სწავლებისა და კვლევის ხარისხის დაცემას.
კონტრარგუმენტი 12: დედაქალაქში ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაციის საკითხი ვერ მოგვარდება დედაქალაქში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შემცირებით. დედაქალაქში მოსახლეობის ჭარბი კონცენტრაციის პრობლემა სტუდენტთა დეკონცენტრაციით ვერ მოგვარდება. ისინი არ წარმოადგენენ მრავალრიცხოვან ჯგუფს დედაქალაქის მოსახლეობასთან მიმართებით. რეგიონებში ადამიანების დაბრუნება/დამაგრება უნდა მოხდეს რეგიონული ქვეყნის რეგიონებში ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების განვითარებით, დასაქმების შესაძლებლობების შექმნით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით, თვითმმართველობის ხელშეწყობით ა.შ.
კონტრარგუმენტი 13: რეფორმაში მთელი რიგი სამართლებრივი ხარვეზებია. რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული პუნქტები არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობით დაცულ მთელ რიგ უფლებებს, კერძოდ: 1. საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 27-ე (განათლების უფლება) - მუხლი 11 (თანასწორობის უფლება) 2. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ - მუხლი 3, პუნქტი 2, ქვეპუნქტი „ვ“ (ავტონომია) - მუხლი 10 პრიმა ( საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებაუნარიანობა) - მუხლი 16 (მართვის პრინციპები) - მუხლი 34 (აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი) - მუხლი 48 (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) 3. შრომის კოდექსი 4. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ - მუხლი 7 (ავტორიზაციის მიზანი, შინაარსი, სტანდარტები) - მუხლი 18 (აკრედიტაციის სტანდარტები) 5. საქართველოს კანონი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ - მუხლი 10 (სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება) 6. საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ - მუხლი 3 (უფლებაუნარიანობა) - მუხლი 5 (უფლებაუნარიანობის შეძენა).
კონტრარგუმენტი 14: რეფორმის ფინანსური უზრუნველყოფა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. უმაღლესი განათლების სისტემის სრულფასოვანი და მდგრადი რეფორმა შეუძლებელია ადეკვატური ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე. რეფორმის კონცეფცია, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და რეფორმის ავტორების საჯარო განცხადებები არ იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ კონცეფციის განსახორციელებლად აუცილებელი ფინანსური რესურსი არის დაანგარიშებული და შემდგომ გათვალისწინებული საჯარო ფინანსების საშუალოვადიანი დაგეგმარების პროცესში. შესაბამისად, ე.წ. რეფორმა არ არის ადეკვატური ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილი, რაც მის წარმატებით რეალიზებას სათუოს ხდის.
რაში ვხედავთ გამოსავალს? უმაღლესი განათების რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ ხუთ ფუნდამენტურ პრინციპს: 1. აკადემიური თავისუფლება, ავტონომია და მრავალფეროვნება (და არა ავტონომიის და თვითმმართველობის შეზღუდვით, როგორც ეს დღეს ხდება) 2. რეფორმა უნდა ხდებოდეს სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით (და არა ხელმისაწვდომობის ორჯერ შემცირების ხარჯზე, როგორც ეს დრეს ხდება) 3. რეფორმა უნდა ხდებოდეს უმაღლეს განათლებაში ფინანსური და მატერიალური რესურსების ინვესტირების (და არა რესურსების ექსპროპრიაციის ხარჯზე, როგორც ეს დღეს ხდება) 4. რეფორმამ უნდა გამოიყენოს რესურსად უმაღლესი განათლების დარგში ქვეყანაში მიღწეული წარმატებები და მონაპოვარი (და არ ანადგურებდეს მას, როგორც ეს დრეს ხდება) 5. რეფორმა უნდა იყოს მიმართული საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპულ საგანმანათლებლო და აკადემიურ სივრცეში (და არა მისგან იზოლაციაზე, როგორც ეს დრეს ხდება). რეფორმა უნდა მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოში (და არ გადიოდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან, როგორც ეს დღეს ხდება).
რეფორმის პროცესი უნდა დაიგეგმოს შემდეგნაირად 1. განათლების სისტემის რეფორმა უნდა იყოს ერთიანი (და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი) პროცესი - უმაღლესი განათების რეფორმა უნდა იყოს სასკოლო 7 განათლების რეფორმის ლოგიკური გაგრძელება, ეს უნდა იყოს ერთიანი გეგმა და პროცესი. 2. რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ შრომის ბაზრის კვლევას, არამედ საგანმანათლებლო საჭიროებების, არსებული რესურსების, ინფრასტრუქტურისა და (სოციო-პოლიტიკური და ეკონომიკური) კონტექსტის შეფასებას. ანუ, რეფორმა უნდა ეფუძნებოდეს კვალიფიციურ, სათანადო სამეცნიერო მეთოდოლოგიით განხორციელებულ კვლევათა სერიას. 3. უნდა შეიქმნას რეფორმის ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტი, სადაც იქნება მკაფიოდ არტიკულირებული რეფორმის ხედვა, ფასეულობები, პრინციპები, შესაბამისი ამოცანები, მოსალოდნელი შედეგები. 4. რეფორმის სტრატეგიას უნდა დაერთოს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება თითოეული ამოცანის შესრულების გაზომვადი ინდიკატორები და განხორციელებისთვის საჭირო რესურსები; ასევე - განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები და მათგან დაზღვევის გზები; 5. რეფორმა უნდა იყოს დაბიუჯეტებული, ბიუჯეტი უნდა იყოს გამჭვირვალე. 6. რეფორმაზე უნდა მუშაობდეს სამუშაო ჯგუფი ყველა საკვანძო დაინტერესებული სუბიექტის მონაწილეობით, ჩართული უნდა იყვნენ განათლებისა და დარგობრივი ექსპერტებიდ ა საუნივერსიტეტო თემი. დღეს შექმნილი მდგომარეობის გამო პოტენციური ზიანის შემცირების სტრატეგია რამდენადაც არ არსებობს დღევანდელი რეფორმის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, ბიუჯეტი; ასევე, არ არის გამჭვირვალე, თუ რა პრინციპებსა და ფასეულობებს ეყრდნობა დაწყებული პროცესი (და რაც გამოიკვეთა, ის წინააღმდეგობაში მოდის ზემოთ ჩამოთვლილ 5 ფუნდამენტურ პრინციპთან) - ის ზიანის მაღალ პოტენციალს შეიცავს. გამომდინარე ზემოთქმულიდან, სასურველია შეჩერდეს მიმდინარე რეფორმის პროცესი და ჩატარდეს განათლების რეფორმის მოსამზადებელი სამუშაო, ხარისხის სტანდარტების დაცვით. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ შექმნილი ჩიხური ვითარებიდან მინიმალური ზიანით გამოვიდეთ“,- ნათქვამია დოკუმენტში.