ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე - ტექსტი გამზადებული იყო, გადატანილია „ნაციონალური მოძრაობის“ „მესიჯბოქსი“ - რაც შეეხება ჰააგისთვის გადაცემას, მოლოდინი არ მაქვს, ზოგადად საერთაშორისო სასამართლოებში კომფორტულად ვგრძნობთ თავს

ლოგიკური ჯაჭვი აწყობილია, ეს ყველაფერი უკვე გამზადებული იყო, პირდაპირ გადატანილი იყო კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ „მესიჯბოქსი“ ფურცელზე და შემდეგ ამ ფურცელზე ხელი მოაწერა იმ ადამიანმა, ვინც დავალებებს იღებს პოლონეთის მთავრობისგან, რომელიც გულმხურვალედ გულშემატკივრობს სააკაშვილს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს.

როგორც მაჭავარიანი აცხადებს, აღნიშნულ დოკუმენტში რადიკალური ოპოზიციის ტექსტია გადატანილი.

„ხაზგასასმელია, რომ ეუთო-ს წევრი 57 ქვეყანაა და ამ დასკვნის ავტორი, ჯამში დაახლოებით, 40%-მდე იყო ამ ქვეყნებიდან. ხაზგასასმელია, რომ აშშ ამ ცირკში არ იღებს მონაწილეობას, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის ქვეყნები, ჩვენი მეგობრები, მეზობლები - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ძირითადად, ის ქვეყნებია, რომლის ევრობიუროკრატების მხრიდან ზუსტად ანალოგიურს ვართ მიჩვეულები, დეზინფორმაციის გავრცელებას და ა.შ. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს ქალბატონი, რომელიც თითქოს, ავტორი გახლდათ ამ ყველაფრის, საქართველოში სულ რაღაც 2 დღით იმყოფებოდა და რამდენიმე დღეში გაეცნო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას და ამხელა ტექსტი ჩამოაყალიბა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტექსტი დაწერილი იყო. ზუსტად იგივე მესიჯბოქსი, იგივე დღის წესრიგი, რაზეც რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, გადმოტანილი იქნა ამ ყველაფერში ერთადერთი მიზეზით, რომ როდესაც ეს გამარგინალებული ჯგუფები თავიანთ „ბაბლს” ესაუბრებიან, უკვე დამაჯერებლებიც აღარ არიან და ამ შემთხვევაში, დამატებითი ჟანგბადი მიაწოდეს, რომ მარტო ჩვენ კი არ ვსაუბრობთ, აგერ, რაღაც მექანიზმმაც ეს ყველაფერი თავის ანგარიშში ასახა.

ეს ქალბატონი პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირია, ფაქტობრივად მათი თანამშრომელია, ხელშეკრულებებით მუშაობს სხვადასხვა ტიპის პოზიციებზე, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს, მათი მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ყვაოდა, როცა ჩვენ გვაკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიაზე, მათი მთავრობის მხრიდან ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და ის უნდა გათავისუფლდეს. შესაბამისად, ლოგიკური ჯაჭვი აწყობილია, ეს ყველაფერი უკვე გამზადებული იყო, პირდაპირ გადატანილი იყო კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსი ფურცელზე და შემდეგ ამ ფურცელზე ხელი მოაწერა იმ ადამიანმა, ვინც დავალებებს იღებს პოლონეთის მთავრობისგან, რომელიც გულმხურვალედ გულშემატკივრობს სააკაშვილს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ საქმე ჰააგის სასამართლოს გადაეცეს, ის უარყოფით პასუხს სცემს.

„მე პირადად, ამის მოლოდინი არ მაქვს. ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო საზოგადოებისთვის, ეს მექანიზმი არის რეკომენდაციის გასაცემად შექმნილი და არა გადაწყვეტილების მისაღებად და კონკრეტული გადაწყვეტილების შემდეგ აღსასრულებლად. ზოგადად, როცა საქმე ეხება საერთაშორისო სასამართლოებს, თუ რამე საკითხი არის სადავო ნებისმიერ აქტორთან, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს საერთაშორისო სასამართლოებში, ფაქტობრივად, 100-ით ნულია ანგარიში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, იგივე სტრასბურგის სასამართლოში, როცა ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე წაიღეს საქართველოდან, რასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ იარლიყს აკერებდნენ, აბსოლუტურად ყველა საქმეში ჩვენ გავმართლდით, შესაბამისად, ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. ამ ანგარიშში, „კამიტის“ ზღაპარზე იყო ხაზი გასმული და ფაქტობრივ უზუსტობებთანაც გვაქვს საქმე, რადგან ეს ანგარიში თითქოს, მიგვითითებს, რომ საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს, როცა გამოძიება საქართველოში დასრულებულია და ჩვენი პრემიერ-მინისტრის განცხადებას შევახსენებ საზოგადოებას, ნებისმიერ საერთაშორისო ინსტიტუტს, გამოძიებას, შეუძლია ჩამობრძანდეს და აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მასალას გავუზიარებთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა