რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიას დღის განმავლობაში 300-მდე დრონით შეუტიეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, აქედან 65 დრონი მოსკოვისკენ გაუშვეს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 280 უკრაინული დრონი მოიგერიეს ბრიანსკის, კალუგის, ბელგოროდის, ტვერის, სმოლენსკისა და კურსკის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში და მოსკოვის ოლქში.
დრონებით შეტევის გამო, შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებში.
მოგვიანებით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს კიდევ 15 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.
რუსული მედია წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, საერთო ჯამში, მოსკოვისკენ გაშვებული 65 დრონი გაანადგურეს და რომ ეს დედაქალაქის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო მიმდინარე წლის დასაწყისიდან.